"აუცილებლად შეინანეთ, თუ დაგიწყევლიათ და ხშირად დალოცეთ შვილები" ზოგჯერ მშობლები გაბრაზებულ გულზე შვილს წყევლის. რამდენად საშიშია მშობლის წყევლა? ამის შესახებ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისმეტყველების მაგისტრს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია) ვესაუბრებეთ:
- მშობლისგან კეთილი სიტყვის თანაბარია ბოროტი გამოთქმაც. მშობელი, რომელიც ბრაზდება, შვილს გინებით შეაგნებინებს რამეს? უფრო მეტად მეტყველებს უზნეობაზე, ვინაიდან ბილწსიტყვაობა ადამიანის სულს ახმობს. წყევლის სიტყვები კი ადამიანის სულზე ეშმაკის მომყვანებელია, მნიშვნელობა არა აქვს როგორი გულით ვიტყვით. დედის სიტყვას შეუძლია შვილის განადგურება. აუცილებლად შეინანეთ თუ დაგიწყევლიათ და ხშირად დალოცეთ შვილები. ნოეს წყევლამ მთელი ქანაანის შთამომავლობა მონად აქცია.
- წყევლა დიდ ცოდვად ითვლება?
- ცოდვით დაცემასთან ერთად გაჩნდა წყევლა. უფალმა დაწყევლა მიწა, რომლისგანაც მუდმივ ჭირსა და მწუხარებას ვიწვნევთ. სწორედ ეს მიწა გვიფარავს გარდაცვალების შემდეგ სხეულს. უფალმა უნაყოფო ლეღვის ხეც დაწყევლა. ეს წყევლა ადამიანის ცოდვებმა გამოიწვია. მხოლოდ ნათლობისა და სინანულის გზით იწმინდება ადამიანის სული და ამ მძიმე ბორკილებისგან თავისუფლდება. წყევლის ეს სახეობა სამართლიანია, ეს სიტყვები გვაჩვენებს ჩვენი ცხოვრების სიმძიმეს. თავისთავად უფალს არ სურს ჩვენი უკუღმართობადი ყოფნა და მიგვითითებს რა უნდა მოვიმოქმედოთ წყევლას რომ არ დავექვემდებაროთ. არ მივბაძოთ ქანაანს. ერთხელ შვილმა აწყენინა დედას, მშობელმა კი დაწყევლა: სახლში ისე შემოეყვანეთ, რომ შენი ფეხით ვერ გახვიდეო. მართლაც, გასვლისთანავე მანქანამ გასრისა, სახლიდან კი გაასვენეს, თავისი ფეხით ვერც გავიდოდა. ეს ძალაა აქვს წყევლას. ადამიანმა ბაგიდან არ უნდა დაიცდინოს ბოროტი სიტყვები. ჩვენი სიტყვების გამო უფლის წინაშე ვაგებთ პასუხს. წმინდა წერილში გვეუბნება უფალი: შენი მაწყევარი დაწყევლილი იქნება. ადამიანი საკუთარ თავს ჯოჯოხეთის ხახაში იგდებს, როდესაც წყევლის სიტყვებს იმეტებს ბაგიდან. მომაკვდინებელი ცოდვაა.
- წყევლის საპირისპიროდ გაბრაზებულმა მშობობლებმა როგორ უნდა მიმართონ შვილებს?
- დავით მეფსალმუნე გვმოძღვრავს: განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ. შეიძლება შვილს გაუბრაზდე, მაგრამ არ დაწყევლო. უნდა აგრძნობინო, რომ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, რასაც ის სჩადის. საერთოდ, მრისხანება ცოდვაა და რისხვიდან გამომდინარე წყევლა კი შეუძლებელია დამრიგებლური მნიშვნელობა მიიღოს.როდესაც შვილს ვერ ვაგებინებთ, უფრო მეტად მივმართოთ უფალს. ლოცვით ვისწავლოთ საქმის გამოსწორება.
თეა ცაგურიშვილი