შვილი არ გყავთ? თოჯინას ხომ არ იშვილებდით? – ეს შეკითხვა სავსებით ლოგიკურად ჟღერს შვილი არ გყავთ? თოჯინას ხომ არ იშვილებდით? – ეს შეკითხვა სავსებით ლოგიკურად ჟღერს. ლონდონის მცხოვრებმა ქალმა, 38 წლის ბეკი ტულიმ, რომელმაც დაკარგა გოგონას გაჩენის იმედი, 17 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა იმაზე, რომ გოგონა თოჯინები შეიძინოს. ოღონდ, ეს ჩვეულებრივი თოჯინები არ გახლავთ – ეს რებორნებია. ბოლო დროს სულ უფრო საშიში პოპულარობა მოიპოვეს რებორნებმა – ცოცხალი ბავშვის საოცრად მსგავსმა თოჯინებმა, რომლებიც ბევრ ადამიანს მართლა უცვლის შვილს.
38 წლის ბეკის სამი ვაჟი ჰყავს, მაგრამ ირწმუნება, რომ მთელი გულით სურდა გოგონა. მართალია, ვაჟებიც უყვარს (!), მაგრამ ნამდვილი დეპრესია დაემართა იმის გამო, რომ ქალიშვილი ვერ გააჩინა. 2009 წელს საკვერცხეები ამოაჭრეს და სულ დაკარგა ოცნების ასრულების შანსი, მერე კი უნახავს გადაცემა რებორნ-თოჯინებზე და გადაწყვიტა, ერთი ასეთი „სილიკონის შვილი“ თავადაც აეყვანა.
თანაც, აღმოაჩინა, რომ მას არც მოვლა უნდა, არ ტირის, არ ითხოვს ჭამას, გასეირნებას – გეწვინოს სადაც გინდა, ეფერე რამდენიც გინდა, და სულ იმ ასაკის იქნება, როგორც შენ გინდა. ნამდვილი „აღმოჩენაა“ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აშკარად აქვთ გარკვეული ფსიქიკური პრობლემები და დეპრესიები.
ინგლისელი ქალი არ გაჩერებულა ამაზე – ერთს კიდევ ოთხი რებორნი მიაყოლა და ოჯახის წევრების უფლებებით აცხოვრებს. ყველა თოჯინას თავისი სახელი აქვს, თავისი ოთახი, გარდერობი და სამოსი – 500 კოსტიუმი თითოს, რადგან მათ ერთი და იგივე სამოსი არ უნდა ეცვათ და „ხშირად იცვალონ“, მიაჩნია მათ დედას.
რებორნის თოჯინების საშიშ პოპულარობაზე რა ხანია საუბრობენ. ბევრი მათ კოლექციებს აგროვებს, ბევრს ისინი მართლა უცვლიან შვილებს, ზოგს მარტოობას „უქარვებენ“ და ა.შ.
არც ისე დიდი ხნის წინ რუს ქალბატონს თავს დატეხილმა ამბავმა რებორნების პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. მას ავტოკატასტროფაში დაეღუპა ახალშობილი და საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. მანაც შემთხვევით აღმოაჩინა რებორნების არსებობის შესახებ და ბევრი არ უფიქრია – ზუსტად თავისი შვილის მსგავსი თოჯინა დაამზადებინა.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ახლა საკუთარი შვილის გაჩენაზე აღარც ფიქრობს – ასეთი ურჩევნია, რომელიც სულ ეყოლება და მოულოდნელად გარდაცვალების საფრთხე არ დაემუქრება, როგორც მის საკუთარ შვილს. მას ნამდვილი შვილივით უვლის – ასეირნებს, აბანავებს, ეთამაშება...
უკვე კლუბებიც კი არსებობს, სადაც რებორნების "მშობლები" იკრიბებიან და თავიანთ აზრებს ცვლიან, ისევე, როგორც ჩვეულებრივი დედები.
მანამდე უფრო ცნობილი შემთხვევები იყო, როცა მამაკაცები ცხოვრობდნენ თოჯინებთან – მათ უმრავლესობასაც ფსიქოლოგიური თუ სექსუალური სახის პრობლემების გამო. 37 წლის მიჩიგანელმა დეივ კურონეკომ 13 წელი იცხოვრა გასაბერ თოჯინასთან და ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ „ვნებების დასაკმაყოფილებლად“ კი არ უნდა, არამედ ურთიერთობებისთვისაც.
მის გარდა მსოფლიოში ათასობით მამაკაცია, რომელიც სრულუფლებიან „ცოლად“ აქცევს ნამდვილის მსგავს თოჯინებს. მის უპირატესობებსაც აღიარებს – არაფერს ითხოვს, არაფერს გსაყვედურობს და არასდროს ბერდება.
ქალებიც არიან, რომელთაც ქმრებად თოჯინები აურჩევიათ. ან კომპიუტერი, ან ძაღლი, ან კიდევ ვინ იცის, რა. მთავარია, რომ ადამიანი არა. ეს საშიში ტენდენცია მართლაც მასშტაბური ხდება და ადამიანებს, რომლებმაც ისედაც დაკარგეს ჯანსაღი ურთიერთობები, კიდევ მეტი სიმძიმით ემუქრება...