"გვინდა ჩვენს შვილს ძალიან ბედნიერი ცხოვრება შევუქმნათ, რაოდენ ხანმოკლეც არ უნდა აღმოჩნდეს ის" ერიკა ჯონსს ორსულობის დროს უთხრეს, რომ დიდი შანსი იყო, ბავშვი ცოცხალი არ დაბადებულიყო. ორი წლის ოდრის დედა მაშინ 30 კვირის ორსული იყო. ექიმების თქმით, ბავშვს ტვინზე დიდი სიმსივნე დაუდგინდა.
ერიკა თავადაც მედიცინის მუშაკია – ექთნად მუშაობს ნევროლოგიის განყოფილებაში და მიხვდა, რას ნიშნავდა ეს დიაგნოზი.
არადა, ამ დიაგნოზამდე სამი თვით ადრე ერიკასა და სტეფანს ისიც უთხრეს, რომ ნაყოფი დაუნის სინდრომით იყო. "პირველი განგაშის მერე ორივენი შევეგუეთ აზრს და ჩვეულებრივ ველოდით პატარას, თუმცა მოგვიანებით ექიმებმა კიდევ უფრო უარესი რამ გვითხრეს", - იხსენებს ერიკა.
"ჩვენ შევამზადეთ საკუთარი თავი უარესისთვის და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შვილს ძალიან ბედნიერი ცხოვრება შევუქმნათ, რაოდენ ხანმოკლეც არ უნდა აღმოჩნდეს ის, და ლამაზ სამყაროში ვაცხოვროთ".
ებიგეილ ნოელ ჯონსი 6 აგვისტოს დაიბადა. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ რთული მდგომარეობა კვლავ არის, სიმსივნე გაიზარდა და როგორც ივარაუდებოდა, ავთვისებიანია. ქიმიოთერაპია მისთვის უკუნაჩვენებია. მშობლებმა გადაწყვიტეს, ებიგეილი სახლში წამოეყვანათ. "თუ გარდაიცვლება, არ მინდა, რომ საავადმყოფოში, პლასტიკატის კოლოფში გაატაროს დარჩენილი დღეები. ის ჩვენთან იქნება, ჩვენი სიყვარულითა და სითბოთი გარემოცული".
მშობლებს მაინც აქვთ იმედი, რომ ებიგეილი იცოცხლებს. სითბოსა და ყურადღებას არ აკლებენ. ეს ფოტოსესიაც იმისთვის დაგეგმეს, რომ ებიგეილი სიყვარულის გარემოცვაში აღებეჭდათ ფირზე და სამუდამოდ დარჩენოდათ მისი საყვარელი სახე.