პროექტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად წამოიწყო
ფიზიკური იარა მტკივნეულ მოგონებად რჩება მთელი ცხოვრება. ყველას სურს მისი მეხსიერებიდან წაშლა. ტატუს ოსტატმა ფლავია კარვალიომ გადაწყვიტა, თავისი საქმიანობით ქალბატონებს დახმარებოდა. მის ფოტოპროექტს ჰქვია "ყვავილის კანი" და ძირითადად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად წამოიწყო. ის უკვე ორი წელია სრულიად უსასყიდლოდ უკეთებს ტატუებს იმ ქალებს, რომელთაც ნატყვიარი, დანით მიყენებული ჭრილობა ან მასტექტომიის შემდეგ დარჩენილი იარა აქვთ. ხელის ერთი მოსმით ულამაზო იარებს ის მშვენიერ ნახატებად აქცევს.
ფლავიას ბრაზილიაში აქვს თავისი სტუდია, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა. თუმცა ეს საქმე სრულიად შემთხვევით დაიწყო.
"ერთხელ კლიენტი მოვიდა, რომელსაც მუცელზე სურდა იარის დაფარვა. როგორც გავარკვიე, ღამის კლუბში ყოფილა და ვიღაც კაცმა არშიყი დაუწყო. როცა გოგონამ უარი უთხრა, კაცმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა", - ჰყვება ფლავია.
როცა კლიენტმა ტატუირების შედეგები იხილა, თურმე მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან. სწორედ ამან უბიძგა ფლავიას ახალი საქმიანობის წამოწყებისკენ და მას მერე ბევრ ქალს ეხმარება.
"ერთმა ამბავმა განსაკუთრებით შემძრა. 17 წლის გოგო მოვიდა, რომელიც ასაკით ბევრად უფროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად. კაცი გამუდმებით ამცირებდა და სცემდა. როცა მისგან წასვლა დააპირა, კაცმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით და გააუპატიურა".
ფლავია ასევე უკეთებს ტატუს ქალებს, რომლებმაც მასტექტომია გაიკეთეს. მოკვეთილი მკერდის ადგილას ის ლამაზ ყვავილებს ახატავს.
ეს კი ნატყვიარია...