ცეკვავდნენ ანთებული თაფლის სანთლებით, ყავრის ნაჭრებითა და კვარით, ხელის გულზე დანთებული ბამბებით "იავნანას" დღეს ბევრი მშობელი ისევ უმღერის პატარას. "იავ ნანა, ვარდოვ ნანა, იავ ნანინაო..." - ამ სიტყვებს გაუცნობიერებლად თუ ქვეცნობიერად ვღიღინებთ, თუმცა ამ ძილისპირულს სინამდვილეში საკრალური მნიშვნელობა აქვს და საუკუნეების განმავლობაში სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა.
იავნანა ნაყოფიერების წარმართული ქალღმერთის – ნანას სადიდებელია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კულტის მნიშვნელობა შესუსტდა და დიდი დედის, ნანას სადიდებლად განკუთვნილმა საგალობელმა - "იავნანამ", ჩვენს დრომდე, სახადის, სნეულებასთან ბრძოლის დროს და წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ საეკლესიო დღესასწაულზე შესასრულებელ რიტუალებში ფრაგმენტების სახით მოაღწია.
"იავნანა", ანუ "ბატონების ნანინა", სწორედ სახადის კულტთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, წითელასა და ყვავილთან. საგალობელს ავადმყოფის საწოლის ირგვლივ მოსიარულე და მლოცველი "ბატონების" "ქურუმები" ასრულებდნენ, ცალკეული პირები, ავადმყოფის დედა, ავადმყოფის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, მნახველები. საზოგადოდ, ეს საგალობელი, წყნარად, ზოგჯერ საკრავის (ფანდურის, ჩონგურის, ჭიანურის) თანხლებით სრულდებოდა.
საცეკვაოებიდან ასრულებდნენ გაშლილ და წრიულ ფერხულებს, ქართულს, თამაშს ძუნძულით, ხტომით, ბუქნაობით. ცეკვავდნენ ანთებული თაფლის სანთლებით, ყავრის ნაჭრებითა და კვარით, ხელის გულზე დანთებული ბამბებით. მოცეკვავეებს, მომღერლებს, დამკვრელებს და რიტუალის სხვა მონაწილეებს მხიარული ფერის სამოსი ეცვათ (წითელი, თეთრი). ზოგიერთი ძონძებში გამოწყობილი ან სავსებით შიშველიც ცეკვავდა და მღეროდა. ცეკვა სრულდებოდა ბატონებიანი ავადმყოფის "თავშემოვლით". სახადის ნიშნების დაკავშირება ოქროსთან, ვერცხლთან, ალმასთან, მარგალიტსა თუ მცენარეებთან (ია, ვარდი) გამოწვეული იყო მისი მსგავსებით მუწუკებთან. მცენარეებთან მიმსგავსება იმანაც განაპირობა, რომ სახადი (ყვავილი და წითელა) გაზაფხულზე ჩნდებოდა და ამდენად, იგი გაზაფხულის ყვავილებს – ია-ვარდს – უკავშირდებოდა. აქედანვე გაჩნდა სიმღერაში ია და ვარდი.
ხევსურეთში სახადის დროს გარკვეულ წესებს იცავდნენ: ავადმყოფს არ გააბრაზებდნენ, სოფელში აკრძალული იყო ხმაური, ჩხუბი, ყვირილი, ტირილი, მწუხარება, განსაკუთრებით კი თოფის სროლა. ავადმყოფთან ფანდურზე საცეკვაოს უკრავდნენ, არ დაამღერებდნენ, - წითელას ფანდურის ხმა უყვარსო, - და ნელი ტაშით ცეკვავდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "წითელანი" გაწყრებოდა, ავადმყოფს მოკლავდა და სოფელსაც მოედებოდა.
ხევში ავადმყოფს ტკბილეულის სუფრას უდგამდნენ. უცხობდნენ მტრედის ქანდაკებებს და თეთრი წიწილები მოჰყავდათ - ბატონებს ესიამოვნებათო. ოჯახში მშვიდობიანობა და სიწყნარე უნდა ყოფილიყო. უკრავდნენ ფანდურს და ბატონების გასართობად "იავნანას", იგივე "იავნანეს" ("იავნანე" მხოლოდ ხევში გვხვდება) მღეროდნენ.
მთიულეთში ყვავილიან ავადმყოფთან რკინის საგნებს არ ხმარობდნენ, არც ჭრა-კერვა და ძაფის დართვა შეიძლებოდა. ჩხუბი და ხმაური აკრძალული იყო, მხოლოდ ფანდურს უკრავდნენ. დაბალი ხმით მღეროდნენ და ანგელოზებს ავადმყოფის განკურნებას ევედრებოდნენ.
"იავნანას" ქალები ფერხულით ასრულებდნენ თეთრი გიორგისა და ალავერდობის დღესასწაულებზე. გაშლილი ფერხული ეკლესიის გარშემო მოძრაობდა. მეფერხულენი მღეროდნენ და აქებდნენ წმინდა გიორგის. როდესაც ეკლესიის კუთხეს მიუახლოვდებოდნენ, შემობრუნდებოდნენ და პირჯვარს იწერდნენ. ცხადია, ამ სიმღერაში წარმართულ ღვთაებას, ქრისტიანობის ზეგავლენით, წმინდა გიორგი ჩაენაცვლა.
ოთარ ჩიჯავაძის "ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონის" მიხედვით მოამზადა სოფიო ჯაფარიძემ
ასევე იხილეთ: 4 საუკეთესო "იავნანა"