თუმცა ამ ფაქტს არც ისე სასიხარულო მოვლენები უძღოდა წინ უნიკალური შემთხვევა ჩრდილოეთ დაკოტაში მოხდა. 51 წლის შერი დიკსონმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა. თუმცა ამ ფაქტს არც ისე სასიხარულო მოვლენები უძღოდა წინ.
ახალგაზრდა წყვილს, მენდი და ჯეიმი სტივენსებს, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დაქორწინდნენ და ბედნიერი ცხოვრება დაგეგმეს ბავშვებთან ერთად. თუმცა მწარე რეალობამ მათ გეგმებს ხელი შეუშალა.
მენდი დიდხანს ვერ ორსულდებოდა, ხოლო როცა ბოლოს და ბოლოს ეწვია ეს სიხარული, მაინც არ გაგრძელებულა დიდხანს. ორსულობის მეექვსე თვეში ნაადრევად იმშობიარა და ექიმებმა ბავშვი ვერ გადაარჩინეს. უფრო მეტიც, ეს დედისთვისაც არ დასრულდა უკვალოდ – ექიმებმა მენდის გამოუცხადეს, რომ ალბათ ვეღარ შეძლებდა ბავშვის მუცლით ტარებას. ურჩიეს, განმეორებითი ორსულობისგან თავი შეეკავებინა და რისკის ქვეშ არ დაეყენებინა არც საკუთარი თავი და არც მომავალი ბავშვი.
პირველი ქარტეხილის გადავლის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, სუროგატი დედა მოეძებნა, რომელსაც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს გადაუნერგავდნენ. მოულოდნელად, მენდის დედამ გამოთქვა სურვილი, შვილს დახმარებოდა. თანაც, ასაკს არ შეუშინებია (იმ დროს უკვე 50 წლის იყო), არც ჯანმრთელობის პრობლემებს. როცა ოჯახმა აწონ-დაწონა ყველაფერი, გადაწყვიტეს, ამ შანსით ესარგებლათ.
ხელოვნურმა განაყოფიერებამ ნორმალურად ჩაიარა და შერი დიკსონის მუცელში ჯეიმისა და მენდის შვილის გულმა დაიწყო ფეთქვა. თავად შერის თქმით, ორსულობამ მასზე დადებითადაც კი იმოქმედა, ახალი ძალების მოზღვავება იგრძნო და გაფანტული სკლეროზის სიმპტომებიც კი შეუნელდა.
9 თვეში დაიბადა შესანიშნავი გოგონა, რომელსაც მილა დაარქვეს. ახლა მას ალბათ შეუძლია დედა დაუძახოს არა მხოლოდ მენდის, არამედ ბებია შერისაც, რომელმაც 9 თვე მუცლით ატარა.