წლების განმავლობაში ქალმა მსოფლიო შემოიარა და ოჯახურ ფოტოებს სწორედ მათთან ერთად იღებს სიუზანა ჰაინცი საკმაოდ წარმატებული ქალია – კომპანიის არტ-დირექტორი. კარგი განათლებაც აქვს და კარგი წრეც ჰყავს. თუმცა ასეთი უცნაურობა ახასიათებს, რითაც საზოგადოებას აოგნებს. ამტკიცებს, რომ არ შეიძლება, საზოგადოების მიერ თავს მოხვეული სტერეოტიპებით იცხოვრო. მისი აზრით, ის ისე ცხოვრობს, როგორც თავად სურს. აი ასე – 14 წელია მანეკენებთან ცხოვრობს, რომლებსაც თავის ქმარ-შვილს უწოდებს. ქმარი ჩონსია, შვილი – მერი მარგარეტი. ამ წლების განმავლობაში ქალმა მსოფლიო შემოიარა და ოჯახურ ფოტოებს სწორედ მათთან ერთად იღებს.
სანამ მის ცხოვრებაში მანეკენები გამოჩნდებოდნენ, ქალს თურმე ტვინს უბურღავდნენ შეკითხვებით, თუ როდის გათხოვდებოდა, განსაკუთრებით, დედა. ერთხელაც დედამ უთხრა: "სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. თუ საერთოდ აპირებ გათხოვებას, უბრალოდ აირჩიე ვინმე". სიუზანამ უპასუხა: "დედა, ეს იგივეა, რომ გავიდე და ვიყიდო ოჯახი".
იმავე საღამოს მაღაზიის ვიტრინებს ჩაუარა და მანეკენებმა მიიზიდა. მაშინ მიხვდა: "მართლა შემიძლია ოჯახის ყიდვა!"
ასე დაიწყო მისი რომანი ჩონსისთან...
თუმცა სინამდვილეში ამ ქალს სურს დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ გაუთხოვარი ქალიც შეიძლება იყოს ბედნიერი და არ არის აუცილებელი, საზოგადოების კარნახით იცხოვრო. თუნდაც ზრდასრულმა ქალმა თოჯინებით ითამაშოს – ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და არა სხვების.
რაც შეეხება მის ნამდვილ პირად ცხოვრებას, სიუზანას ყველაფერი რიგზე აქვს. უბრალოდ, ცოლად გაყოლა არავისზე მონდომებია. თავისი ფოტოპროექტი კი ძალიან მოსწონს. ეგ კი არა, ახლა გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება – ჩონსისთან. ცერემონიას ამზადებს, სტუმრებს იწვევს. საქმროს მხრიდან, რასაკვირველია, სტუმრები მანეკენები იქნებიან.