"არ მინდა, ჩემს ბინაში ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო..." "ბინის მეპატრონემ ოჯახი ღამის 11 საათზე მხოლოდ იმის გამო გამოასახლა, რომ მათი აუტისტი ბავშვის გამო წუხდება. რახან ოჯახს 3 თვეზე მეტხანს ერთ ბინაში არ აჩერებენ, დახმარებაც მოუხსნეს, არადა, ბინის მეპატრონეებს "ავადმყოფი" არ უნდათ. დედა უვლის 3 შვილს, მათ შორის 7 წლის გიორგის, რომელიც აუტისტია. მისი 160-ლარიანი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ბავშვები ქუჩაში მხოლოდ იმიტომ ვერ გადიან, რომ არა აქვთ თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პამპერსი..." - ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა... "კვირის პალიტრა" ბავშვის მშობლებს დაუკავშირდა. აუტისტი ბავშვის მამა, პაატა ბუწურიძე ამბობს, მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა, თუმცა ბოლო შემთხვევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
პაატა ბუწურაძე: - მე საჩხერელი ვარ, მეუღლე - ხარაგაულელია. 2004 წელს ბინა გავყიდეთ და მე და ჩემმა ძმამ თანხა გავიყავით, მაგრამ შეძენა ვეღარ შევძელით - იმ დროს უძრავი ქონება მკვეთრად გაძვირდა და დავრჩით უსახლკაროდ. სამი შვილი მყავს. გიორგის 4 წლის ასაკში დაუდგინეს აუტიზმი. დავდიოდით კარდაკარ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქში ცხოვრება - გიორგის მუდმივად სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურება. იმის გამო, რომ არავის უნდოდა აუტისტი ბავშვის შეშვება, რამდენიმე საცხოვრებელი გამოვიცვალეთ.
ლიკა ბარბაქაძე, აუტისტი ბავშვის დედა: - აუტიზმს ახასიათებს ადაპტაციის პრობლემა - როცა ბინას ვიცვლით, გიორგი ძალიან განიცდის. ცოტა ხნის წინ ბინა მუხრანის ქუჩაზე ვიქირავეთ. მეპატრონე ძალიან პრეტენზიული ქალბატონი აღმოჩნდა. ვიცხოვრეთ ზუსტად 10 დღე. თანხა სრულად გადახდილი გვქონდა. ქალბატონი ლიზა სახლის დაცლას მოითხოვდა და თანხას გვიბრუნებდა, მაგრამ სანზონის დასახლებაში ბინა არავინ მოგვაქირავა. ბავშვი ყველა ემოციას ტაშით გამოხატავს, ბინის მეპატრონეს კი ეგონა, რომ ვცემდი... ჩვენი ოჯახით ერთ-ერთი ტელევიზია დაინტერესდა.
კამერების წინ ბინის მეპატრონემ განაცხადა, არ მინდა, ჩემს ბინაში ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო. ეს საპატრულო პოლიციასთანაც დააფიქსირა წერილობით.
ერთ საღამოსაც ნასვამ შვილებთან ერთად შემოვიდა ჩვენს ოთახში და კატეგორიულად მოგვთხოვეს ბინის დაცლა. შინ მხოლოდ მე და ბავშვები ვიყავით. კონფლიქტის გამო გიორგი კიდევ უფრო დაიძაბა. ტიროდა, ყურებზე ხელებს იფარებდა, იკბენდა კიდურებს. ტიროდნენ ნათიაც და ნიკოლოზიც... საპატრულო პოლიცია მეორედ მოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ღამის 11 საათზე პოლიციის გადაწყვეტილებით ბინა დავცალეთ. ღამის გასათევი კი არ გვქონდა. განაგრძეთ კითხვა