რა ძალა აქვს საეკლესიო ნივთებს და აუცილებელია თუ არა მათი ტარება
რა ძალა აქვს საეკლესიო ნივთებს და აუცილებელია თუ არა მათი ტარება
თითქმის ყველას ოჯახშია სალოცავი კუთხე, სადაც ვლოცულობთ, სანთლებს ვანთებთ. ხშირად გვიფიქრია სად წავიღოთ სანთლების ნამწვავი ან დროთა განმავლობაში დაზიანებული ხატები, ჯვრები, საეკლესიო ნივთები, წიგნები. საერთოდ, როგორ უნდა მოვექცეთ საეკლესიო ნივთებსა თუ აქსესუარებს.
ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).

-  მაღაზიებში ხატებისა და ჯვრების დიდი არჩევანია. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ახალ საეკლესიო ნივთს ვყიდულობთ?
-  სახლში წმინდა ადგილი, წმინდა კუთხე უნდა
გვქონდეს, სადაც განვათავსებთ ნაყიდ სიწმინდეს და შეგვეძლება ლოცვა. სანამ სახლში მივიტანთ, აუცილებლად ვაკურთხებინოთ მოძღვარს.

-  ზოგჯერ ჯვარი ან ხატი დროთა განმავლობაში ზიანდება. რა მოვუხერხოთ მათ, სად წავიღოთ?
- ტაძრებში სპეციალურად აქვთ დაზიანებულ სიწმინდეთა დასამარხი კუთხე. ადრე წმინდა წერილი როდესაც ცვდებოდა, სპეციალური წესით "ასაფლავებდნენ" ხელნაწერებს, რასაც "პერგამენტთა დამარხვის" რიტუალი ეწოდებოდა. დღესაც, ანალოგიურად, უნდა არსებობდეს ტაძრებში სიწმინდეთა სამარხი, თუ მათი აღდგენა ვერ ხერხდება დაზიანების გამო.

- ცოდვად ითვლება თუ არა, როცა უდიერად ვექცევით საეკლესიო ნივთებს?
- სიწმინდისადმი უდიერად მოპყრობა საკუთარ თავზე წყევლის მომარაგებაა. სჯულის კანონი ასეთებს ზიარებიდან განყენებას და შეჩვენებას უთვლის. ვისწავლოთ კრძალულება და შევთხოვოთ უფალს მეტი გონივრულობა. თავად თუ ვერ ვუვლით, ნურც შევიძენთ და რომც მოგვაწოდონ
საჩუქრად, უარი ვუთხრათ. ასეთ დროს უმჯობესია ისეთი ადამიანის ხელში იყოს, ვინც მთელი შეგნებით მოუვლის, ვიდრე ისეთი ადამიანის სახლში, რომელიც ზედ ტაფასა და უთოს დაადებს.

- როცა სახლში ნამწვავი სანთლები გვრჩება, რა მოვუხერხოთ მათ?
-  თუ სახლში არ გვაქვს წმინდა ადგილი, სადაც შეგვიძლია დავწვათ, მაშინ ვთხოვოთ ეკლესიაში, რომ მიუმატონ იმ ნამწვავებს, რომელიც თავად რჩებათ.

-  ძალიან ხშირად ჟურნალ-გაზეთებს ხატები მოჰყვება. შეუძლებელია, სახლში ყველას სათანადო ადგილი მივუჩინოთ. სად შევინახოთ ისინი?
-  ხატი შესანახი ნამდვილად არ არის, ამოვჭრათ, ლამინირება ან ჩარჩო გავუკეთოთ და ვაჩუქოთ ახლობლებს ან ეკლესიას, საიდანაც მორწმუნეებს გაუნაწილდებათ. თუ დაზიანებულია, ეკლესიაში მივიტანოთ და იქ მოუვლიან. წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) სანაგვიდანაც იღებდა ხატებს კომუნისტების დროს და ჩარჩოში სვამდა. უმეტესი გაზეთებიდან იყო შექმნილი.

-  საკმაოდ ბევრი საეკლესიო აქსესუარი იყიდება - სამაჯურები, ბეჭდები წარწერით "უფალო შეგვიწყალენ", ყელსაბამები ფსალმუნებით... რამდენად საჭირო ან აუცილებელია მათი ტარება?
-  უწმინდესმა მრავალ მორწმუნესა და სასულიერო პირს თავად აჩუქა სახსოვრად ნიშნად ხსომისა, რომ ჯვარი გვიცავს. ადრე, ჯვრის გამოსახულებით აბჯრებს ატარებდნენ. მნიშვნელობა არა აქვს, ჯვარი რაზე იქნება გამოსახული, ჩვენ მას სიფრთხილითა და მოკრძალებით უნდა მოვეპყრათ, ვინაიდან იგი ჩვენი ხსნის სიმბოლო და ძალაა. ვისაც უნდა ატარებს, თუმცა არ იკურთხება და აუცილებლობა არაა მისი ტარების.

- ეს აქსესუარები იყიდება ეკლესიაში, მაგრამ არ იკურთხება?
- ეკლესიებში იყიდება, როგორც სიწმინდე, მაგრამ არ იკურთხება. განა სანაწილე არ იყიდება ტაძრებში, რომლებზეც ჯვარია გამოსახული? არც მათზე იკითხება ლოცვა, კურთხევანში გვაქვს სხვადასხვა ნივთზე წასაკითხი ლოცვები, მაგრამ მათ არ სჭირდება. ჯვარს ვაკურთხებთ, რომ დაგვიცვას. თუ ჯვრის ნიშნით ვამბობთ კურთხევას, რაღა თქმა უნდა, იკურთხება. უბრალოდ, ორი ჯვრის ტარება არ შეიძლება ერისკაცთათვის. ასევე არ იკურთხება ფსკვნილი. მას ლოცვითი დანიშნულება აქვს, შესაძლოა მოძღვარმა ასხუროს წყალი.

- ძირითადად 90-ე და 50-ე ფსალმუნებს ვატარებთ ხოლმე. ამ ფსალმუნების მნიშვნელობას როგორ ახსნით?
- წმინდა დავით მეფემ დაცემის შემდგომ დაწერა 50-ე ფსალმუნი, მან უდიდესი სინანული გამოხატა და ჩვენც დღემდე დავითის მსგავსად შევღაღადებთ უფალს, რომ შეგვიწყალოს. თუ სხვა ფსალმუნებში დავითი სხვაგვარად ითხოვდა, ამ ფსალმუნში გვხვდება კონკრეტიკა - "მიწყალე მე ღმერთო"... უშუალოდ და პირად სათხოვარს მიმართავს, "ჩვენ" კი არა - "მე". იმდენად დიდი იყო მისი დაცემა, ჩვენც უნდა დავტიროდეთ დავით მეფის მსგავსად ცოდვებს. 90-ე ფსალმუნით კი ვითხოვთ ბოროტი ძალების განდევნას. თვით სახარებიდან გვაქვს ამის მაგალითი.
თეა ცაგურიშვილი
61925
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები