სასულიერო პირებმა კარგად იციან, რა ხდება ოჯახებში და რა უჭირთ მოზარდებს მოზარდთა თვითმკვლელობამ ბოლო დროს არაერთხელ შეძრა საზოგადოება. ყველას შიში გვიპყრობს, რადგან ყველას ოჯახშია მოზარდი თაობა. მიზეზს ეძებს ოჯახიც და საზოგადოებაც. დავინტერესდით, როგორ ხედავს ეკლესია მოზარდთა პრობლემებს და რას გვთავაზობს მათ დასახმარებლად. სასულირო პირები ხომ ძალიან ახლოს არიან ოჯახებთან და კარგად იციან მათი პრობლემების არსიცა და მიზეზიც. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- თქვენს მრევლში ალბათ ბევრი მოზარდი და მათი მშობელია. თქვენ როგორ ხედავთ მათ პრობლემებს, თქვენი აზრით რას მიყავს მოზარდები თვითმკვლელობამდე?
- მადლობა უფალს, რომ ეს მაინც იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ერთმა მოზარდმაც რომ ავნოს საკუთარ თავს რაიმე, დიდი დანაკლისის ამსახველი ფაქტია. თვითმკვლელობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: ბავშვები უყურებენ სატანისტურ ფილმებს, უსმენენ როკ მუსიკას, სადაც სატანისადმი ხოტბის შესხმა ხდება, მეგობართაგან უსიამოვნება ან მშობლების ოდნავ ხმის აწევაც თვითმკვლელობის ტირაჟირების საბაბად იქცა... გარდა აქ ჩამოთვლილთაგან, სინამდვილეში რა იწვევს სიცოცხლის მოსპობას? ვფიქრობთ, ბავშობიდან არ ვასწავლით დათმენას, ჭირვეულობის ჟამს ყველაფერს ვუსრულებთ, ხოლო როდესაც შენიშვნას ვაძლევთ, გვემუქრება: სახლიდან წავალ, აღარ დავბრუნდები! ისეთ რამეს გავაკეთებ მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდებათ! მიჩვეულია დაშანტაჟებას, თუმცა ბოლოს სერიოზულად რომ გაბრაზდეს რაიმეზე, ეშმაკი ისე მომართავს, რომც არ უნდოდეს, გააკეთებინებს და ცხელ გულზე ვღებულობთ თვითმკვლელს.
- ადამიანი ყველა ასაკში განიცდის ცვლილებას, ყველაზე მეტად რა ასაკში უნდა მიაქციოს მშობლებმა თავიანთ შვილებს ყურადღება რომ არ მივიდეს სავალალო მდგომარეობამდე?
- სოკრატეს ერთი წლის ბავშვი მიუყვანა ერთმა ქალმა და ჰკითხა: რა ვიღონო? ბერძენმა ფილოსოფოსმა უპასუხა: დაგვიანებულია მისი გაზრდა... ჩვენ ვაგვიანებთ ღმერთთან მისვლას და მერე ვფიქრობთ: რამ გამოიწვია? გარდატეხის ასაკს ვუწოდებთ ყველაფერს, როდესაც ცუდი ხდება, მაგრამ არავის ახსენდება, რომ გარდატეხის ასაკში უამრავ დიდ მეფეებს უმართია ქვეყანა. გარდატეხის ასაკში მოწამეობრივად უამრავი წმინდანები გვყავს აღსრულებულნი. მთავარი პრობლემა გულსა და შეგნებაშია. სწორად შესაძლოა მშობელმა აღზარდოს, მაგრამ მოზარდის ნება სხვა იყოს. მოზარდის ხელახალი აღზრდაა ეკლესიაში საჭირო, ეს ეკლესია კი თავად სახლია, მშობლების რწმენის სახით. ზოგჯერ არავინ არ გიჯერებს მართალ სიტყვაზე და ამიტომაცაა მშობლების ნათქვამი კლდეზე დათესილ თესლს ემსგავსება ხშირად. სახლეული მტრად ექცევა ადამიანს, შვილების, შვილიშვილების სახით. ძალით ვერავის გავასარწმუნოებთ, მიუხედავად იმისა რომ არაფერს ვაკლებთ შეგნების შეძენაში.
- რა უჭირთ დღევანდელ მოზარდებს ყველაზე მეტად...
- ძალაუფლების წყურვილი ასწავლა ,,კომპიუტერმა", გემოვნებაში შთაუთესა გარყვნილება... საშინელი თამაშები შემოიტანეს, რაც არ ემსახურება სწორ მიზანს, არც ,,ბოლონიის პროცესს". საკუთარი ნებით, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩლუნგდება აზროვნება. უყურებენ ,,გამართობელ ფილმებს", სადაც მხოლოდ ვნებების დემონსტრაციაა. ვიღაცა შეყვარებულის გამო იკლავს თავს, ვიღაცა პატივმოყვარეობისა და ა.შ. ამ ყველაფრის ფუნდამენტი კი ამპარტავნებაა, ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს,- ეს როგორ მაკადრეს, როგორ გამიბედეს? აი, მე ვაჩვენებ რასაც ვუზამ... საკუთარ თავს უმზადებს სიცარიელის მთავარს. აზარტულმა თამაშებმა მთლიანად მოსპო ახალგაზრდობა.
- იქნებ ყველა მშობლის გასაგონად მარტივად აგვიხსნათ, რას აძლევს გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს ეკლესიასთან, მოძღვართან სიახლოვე. შეუძლია ეკლესიას ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გადაარჩინოს მოზარდი სუიციდისგან, თუ ეს ფსიქოლოგების საქმეა და მათ უნდა მიმართოს მშობელმა?
- ყველას თავისი საქმე აქვს, მღვდელსაც და ფსიქოლოგსაც. მღვდელი რასაც მოიმოქმედებს, იმას ვერავინ ჩაანაცვლებს ან პირიქით, მართლმადიდებელი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. სასულიერო პირი შეაჩვევს სიწმინდეს, ზიარებას, აღსარებას, ვნებებთან და გაღიზიანებასთან გამკლავების ხერხებს ასწავლის. აუხსნის, ,,აკვიატებები", როგორ დაძლიოს. ზამბარასავით მოჭიმულ ნერვებს ,,ნერვოზსს" სჭირდება ექიმიც, მან უნდა მიაწოდოს დამამშვიდებელი წამლები. გაღიზიანების შედეგად ადამიანის მთლიანი სხეული იძაბება, კლავს პიროვნების ნერვებს, ამიტომ ეტაპობრივად საჭიროა გაღიზიანებული ნერვების დამშვიდება. სასულიერო პირთან ერთად, უნდა ჩავრთოთ ექიმიც, მისი ზედამხედველობა აუცილებელია. უფლის ერთ- ერთი მოწაფე, ლუკა მახარებელი, ექიმი გახლდათ და ამით გვიჩვენა უფალმა, რომ იგი არ უარყოფს მედიცინას, პირიქით, ადამაინის სამსახურში აყენებს.
- მშობლების ბრალეულობას რამდენად ხედავთ თვითმკვლელობებსა და მის მცდელობებში?
- დანაშაულზე ძნელია საუბარი, უფალმა უკეთ იცის ვისი ბრალია: ვაი, კაცისა მის, ვისგანაც მოდის საცდური... თუმცა, შესაძლოა ეს არავისი ბრალი იყოს, მხოლოდ თვითმკვლელმა ირჩია ეს გზა იმისათვის, რომ ცოცხლად ადამიანებს ეტანჯათ... ორბელიანის იგავისა არ იყოს, გახსოვთ ,,მაოხრებელი კაცის" შესახებ თხრობა: კლარჯეთის თემში იყო ერთი გზირი, ანჩხლი და სოფლის მტერი, რომელიც მუდამ აჭირვებდა იქაურებს. სიკვდილის წინ მოიხმო სოფლის კაცები და პატიება სთოვა, თან დაუბარა: ცოცხალი სანამ ვიყავი ვერაფერი გამიკეთეთ, როდესაც მოვკვდები ყელზე თოკი შემაბით, გამათრიეთ და ხეზე ჩამომკიდეთ. მართლაც, ასე მოიქცნენ, ნახა ეს თათარმა და ყადს უთხრა და საშინელი უქნეს სოფელს, ისინი კი გაგიჟებით ამბობდნენ: ცოცხალმა მოგვთხარა და მკვდარმა აგვაოხრაო! დანაშაული ქმედებაშია და რამ მიაღებინა, ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია. ზოგადად არ შეიძლება რაიმეზე თქმა, რომ ეს მისი ან მათი დანაშაულია. ღმერთმა უკეთ უწყის. ღმერთს მივანდოთ საბოლოო გამოძიება.
- როგორ შეიძლება მოზარდი დავაინტერესოთ ეკლესიით? როცა თავად არ აქვს დიდი სურვილი...
- დაძალება არ შეიძლება, ბავშობიდან უნდა ვატაროთ, ვაზიაროთ და მერე თავად აარჩევს. მაგრამ, თუ არასდროს უვლია მშობლებს და გვიან იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, შვილს შეიძლება ერთხელ და ორჯერ ურჩიონ და თუ არ სურს, მიანებონ, სანამ თავად არ მოუნდება. სურვილს იწვევს ცოცხალი მაგალითი, ჩვენი ცოცხალი რწმენით დავაინტერესოთ და არა სიტყვებით.
- რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ სკოლებში რელიგიის სწავლება და თქვენი აზრით, ვინ უნდა ასწავლიდეს ამ საგანს?
- ეკლესია ტვირთულობს უდიდეს პასუხისმგებლობას, ადამიანის სულიერ აღზრდას. შესაბამისად, ამ დიდ ოჯახში შედის მორწმუნე, მცირედმორწმუნე, ურწმუნო, თუმცა არავის განვაგდებთ. ვცდილობთ, რომ მცირედი დიდ რწმენად აქციოს და ყველა ვიღვწით ამისათვის. სკოლებში უნდა ისწავლებოდეს რელიგიების ისტორია, კომპეტენტური პირები უნდა შეარჩიონ. მორწმუნე ქრისტიანებს წაუკითხოს სასულიერო პირმა ან კომპეტენტურმა თეოლოგმა, ხოლო სხვა აღმსარებლობის ადამიანს თუ არ სურს მიეცეს საშუალება, ის საათი იაროს ან მოვიდეს თავისი რელიგიის სულიერი ლიდერი და მან ჩაუტაროს გახანგრძლივებული გაკვეთილი. ამით არცერთი ადამიანის უფლება არ შეიზღუდება და არც დისკრედიტირებული იქნება.
თეა ცაგურიშვილი