"ნაცემმა გოგონამ უარი განაცხადა მათ დახმარებაზეც, აივანზე წავიქეცი და იმიტომ მაქვს სახე დასიებულიო" - რა ეშველება ჩვენს მენტალობას? ეს ჟურნალისტ სალომე ლილუაშვილის პოსტია, რომელიც ჩვენს მწარე რეალობას აღწერს:
"ამბავი იყო ასე:
გვიან სახლისკენ გზაზე მოვდიოდი. მეგობარმა დამირეკა, მეთქი პატრულმა არ გამაჩეროს და იქვე, პირველსავე შემხვედრ პარკინგზე გავაჩერე მანქანა. ტელეფონზე ლაპარაკისას, მესამე სართულის აივანზე ვხედავ, ბიჭი გოგოს როგორ ეჯაჯგურება. ეგრევე რედისონის მეთხუთმეტე სართული გამახსენდა და გავიფიქრე, შუაღამით ღია აივანზე სექსი აქვს წყვილს-მეთქი...
ტელეფონზე ლაპარაკს მოვრჩი და თვალი ისევ აივნისკენ გამექცა. გოგონა კიოდა, ბიჭს სთხოვდა, გაჩერდიო. ის კი თავში ურტყამდა. უმოწყალოდ სცემდა. ცოტა ხნით გავჩერდი, არ ვიცოდი რა მექნა. ჩავუსაფრდი. 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა კივილი, დაუნდობელი ცემა და მუდარა. ვხედავდი, პერიოდულად როგორ ინთებოდა და ქრებოდა მეზობლების ოთახებში შუქი. ვიღაცები აივანზე გადმოდგნენ, შებრუნდნენ და შუქი კვლავ ჩააქრეს.
მეგონა, მოკლავდა. არ მთავრდებოდა კოშმარი.
მანქანიდან გადავედი, გზაზე მომავალი საპატრულო ეკიპაჟი გავაჩერე და სიტუაცია ავუხსენი. დავრეკე კიდეც. მთხოვეს, არ წახვიდეო. მოვიდა სამი ეკიპაჟი. ააკითხეს, იმათმა უთხრეს, ხმამაღლა ვლაპარაკობდითო. კარგი, მეზობლებს ნუ შეაწუხებთო და ის იყო ემშვიდობებოდნენ, რომ ავედი და ბიჭს ვუთხარი, მოწმე ვარ და დავინახე, ქალს დიდი ხნის განმავლობაში როგორ სცემდით-მეთქი. ეგრევე აიფოფრა, დროზე მითხრი შენი გვარ-სახელი და მე ვიცი, მერე როგორცო. უფლება მაქვს, არ გაგიმხილო, გამვლელი ვარ და მოქალაქეობრივ და მორალურ პასუხისმგებლობას არ გავექეცითქო. მოკლედ, ამბავი გაგრძელდა დიდხანს. მოვიდა სასწრაფო დახმარებაც, მაგრამ ნაცემმა გოგონამ უარი განაცხადა მათ დახმარებაზეც, აივანზე წავიქეცი და იმიტომ მაქვს სახე დასიებული, არ მინდა არაფერიო. უარჰყო ყველაფერი და ღიმილით გააგრძელა თაფლობის თვე. პატრულს ვკითხე, ამ დროს კანონი რის უფლებას გაძლევთ-მეთქი? დაზარალებული ყველაფერს უარყოფს, ამიტომ ვერაფერს გავაწყობთო.
აი, ასე. ოქმი შევავსეთ, ერთმანეთს უხერხული მადლობები ვუთხარით და დავიშალეთ.
მეგონა, გვერდი რომ ამევლო ამ ამბავზე რეაგირების გარეშე, ვერ დავიძინებდი. ახლა კი, გაწბილებული და გულნატკენი ვარ, რაღა დამაძინებს. პრობლემების ჯაჭვია სრული - მენტალობა, აღზრდა, მამაკაცისადმი მორჩილება-დამონების იდიოტოკრატიზმი, გაუნათლებლობა, საკუთარი უფლებების არცოდნა, კანონის უგულებელყოფა... ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ბინებში შემალული რამდენიმე მეზობელი და მათი ურეაქციობაა, თუნდაც პლუს ერთი მოწმის სახით გამოჩენა. ტოტალურია ეს პრობლემა, ჯაჭვურია ეს უბედურება და ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენს შვილებს არ ვასწავლით, რომ ჰოო, ხშირ შემთხვევაში მორალი კანონზე მაღლა დგას, მაგრამ როდესაც მორალი არ არსებობს, კანონი აუცილებლად დაგვიცავს.
ვიღონოთ რამე, გვქონდეს რა რეაქცია, არ ავუაროთ გვერდი და ასე ეტაპობრივად, მისხალ-მისხალ, ყოველი ჩვენგანი შევქმნით ჯანსაღ საზოგადოებას. ფართომასშტაბიანი აქცია-ივენთების ორგანიზებამდე ყველამ ჩვენს გვერდით არსებული პრობლემები რომ შევამჩნიოთ, ჩავუსაფრდეთ და ჩამქრალი შუქის ფონზე ფანჯრიდან არ ვუთვალთვალოთ სხვის უბედურებას, მერე რამე აუცილებლად გვეშველება.
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ".
პოსტს გამოეხმაურნენ სხვა ჟურნალისტებიც და ერთხმად მოუწოდეს ქალებს, საზოგადოებას, რომ გაერთიანდნენ ძალადობასთან ბრძოლაში, რამდენიმე მსგავსი ამბავიც გაიხსენეს:
ეკა ლომიძე: "ქუჩაში წავაწყდი ძალადობას, რამდენიმე ადამიანი გადავეფარეთ ქალს, რომელსაც ქმარი სცემდა, პატრულიც გამოვიძახეთ და სულელმა ცოლმა იმდენ მოწმეს იქით დაგვდო ბრალი, ჩემს ქმარს ცილს წამებენო. გენახა როგორ ყვიროდა ჩემს ქმარს ხელი არ დააკაროს არავინ, ამ ხალხს მაგის ვალი აქვთ და პროვოკაციას უწყობენო. ისე სახტად დავრჩი, გაოცებისგან ყბა კინაღამ ქირურგის დახნარებით გამიხდა "უკან დასაბრუნებელი". როცა დაზარალებული ამბობს, რომ არ არის დაზარალებული, პოლიციას ძალადობაში შეიძლება დასდოს ბრალი მაგ გონივრული ეჭვის შემთხვევაში".
გოგა ჩანადირი: "კარგია, რომ დარეკე. ეს იყო შენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მე არ მესმის დაზარალებული ქალის დუმილი ძალადობაზე, მაგრამ როცა საზოგადოების თანადგომას დაინახავს, ისიც და სხვა ქალებიც უფრო გაბედულები გახდებიან.
ასევე, პატრულს ქალის ტრავმებზე გონებრივი ეჭვი უნდა გასჩენოდა და ექსპერტიზა მოეთხოვა... ხშირად ქალები ირჩევენ კრავობას და ამის გამო, ვითარება არ იცვლება. როგორც ჩანს, მათი დუმილის მიზეზი საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერის არქონაა."