მშობლებმა თამამად გაუშვეს ბავშვები ტატუირების გასაკეთებლად... მხატვარმა ბენჯამინ ლოიდმა თავის ფეისბუქგვერდზე პატარა ბიჭის ფოტო გამოაქვეყნა. ბავშვს ხელზე ტატუირება ჰქონდა გაკეთებული. ფოტოს თან სდევდა კომენტარი: თუ პოსტი 50 მოწონებას დააგროვებდა, ის წავიდოდა ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ბავშვები გადიოდნენ მკურნალობას და მათ დაახატავდა ნახატებს, რა თქმა უნდა, დროებითს. მოულოდნელად პოსტმა 460 000 მოწონება ერთ ღამეში დააგროვა.
ორშაბათს ლოიდი მართლაც გაემგზავრა ადგილობრივ საავადმყოფოში. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ექსპერიმენტი მოიწონა, მშობლებმა კი უშიშრად გაუშვეს შვილები პროცედურაზე. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ მხატვარი არ არის ტატუირების სპეციალისტი, დროებით ტატუებს ის აკეთებს არატოქსიური საღებავებით და აეროფუნჯით.
ლოიდი უსასყიდლოდ აკეთებს ყოველივე ამას, რასაც ხსნის იმით, რომ არაფერი ანიჭებს მას იმდენ სიხარულს, რამდენსაც ბავშვების კამყოფილი და ღიმილიანი სახეები. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას შეუძლია გაუფერადოს ბავშვებს საავადმყოფოში ყოფნის დრო.
მოზრდილობის ასაკში ლოიდს ხელზე ჰქონდა დამწვრობის კვალი, რაზეც თანატოლები გამუდმებით დასცინოდნენ. მაშინ მას მოუვიდა იდეა, გაეკეთებინა ტატუირება ხელზე და ამით დაეფარა თავისი ნაკლი. მართლაც გაამართლა ამ იდეამ. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: თანდათან ლოიდის გარშემო შემოიკრიბნენ მიმდევრები, რომლებსაც თავად სურდათ გაეკეთებინათ ასეთივე ტატუირებები. ამგვარად, ლოიდმა თავის თავზე გამოსცადა, თუ როგორ შეუძლია ამ მეთოდს აამაღლოს ადამიანის თვითშეფასება და მიიპყროს გარშემო მყოფთა ყურადღება.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უმალ გააზიარეს ლოიდის მიერ გადაღებული ბედნიერი და ღიმილიანი ბავშვების ფოტოები. ფოტოებს თან ახლდა კომენტარები: “მომწონს თქვენი ინიციატივა, ყველა ბავშვი ისეთი ბედნიერია... დარჩით ასეთივე ფანტასტიურ ადამიანად!“, „თქვენ ალბათ კეთილი გული გაქვთ. შეუდარებელი გრძნობაა, უყურებდე ასეთ უანგარო და მზრუნველ ადამიანს“, „რასაც თქვენ აკეთებთ - გრანდიოზულია! ჩემმა ბიჭმა 6 თვე გაატარა საავადმყოფოში და ვფიქრობ, თქვენმა ნახატებმა შეძლეს იქ გატარებული დღეების გაფერადება“.