"არ ვიცი რა სჭირდა, დილით რომ გავიღვიძე, საწოლში გარდაცვლილი იყო" სამი მცირეწლოვანი ბავშვი სოციალურმა სამსახურმა ერთი კვირის წინ მშობლებს ჩამოართვა. ბავშვები მინდობით აღზრდაში ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გადაუციათ, რადგან ისინი დედის და-ძმამ ბათუმში წამოიყვანა.
ცხრა თვის გოგონა დეიდის მეთვალყურეობის ქვეშაა, ორი არასრულწლოვანი ბიჭი კი, ბიძის სახლში ცხოვრობს. ცხრა თვის გოგონას ტყუპისცალი ერთი კვირის წინ გარდაიცვალა, თავად კი, როგორც ბიძა ამბობს, მიკროელემენტებისა და კვების დეფიციტის დიაგნოზით მოათავსეს კლინიკაში. ცხრა თვის ბავშვი 5 კილოზე ნაკლებს იწონის. ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ გოგონას 2 და 5 წლის ძმებსაც.
როგორც ბავშვის დედამ "ბათუმელებს" სატელეფონო საუბარში უთხრა, ცხრა თვის გოგონას
გარდაცვალებამდე მას ორი ბავშვი კიდევ დაეღუპა, ორივე ჩვილობის ასაკში.
"არ ვიცი რა სჭირდა, დილით რომ გავიღვიძე, საწოლში გარდაცვლილი იყო", – ამბობს დედა პირველ შვილზე. მისი თქმით, მეორე ბავშვიც საწოლში იპოვა გარდაცვლილი. მას შემდეგ ხათუნამ ორი შვილი კიდევ გააჩინა, ცხრა თვის წინ კი, ტყუპი გოგონა შეეძინა, თუმცა მათგან ერთი უკვე გარდაცვლილია. დედის თქმით, ბოლო შემთხვევაშიც ჩვილის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა იყო.
"ბავშვი წონაში არ იმატებდა. "ჰუმანას" და "ნესტლეს" ფაფას ვაჭმევდი, მაგრამ საჭმელი არ ჰყოფნიდა, ჭამის შემდეგ აღებინებდა. სუსტი ბავშვი იყო, სუნთქვა უჭირდა. რვა მაისს ექიმთან მყავდა თბილისში. ხუთი დღე გავჩერდით, შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ფული იყო გადასახდელი. მე ფული არ მქონდა, ხელწერილი დავწერე და წამოვედი", – ამბობს დედა. გაგრძელება
დედა ირწმუნება, რომ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ ბავშვი ნამდვილად იმის გამო გაუშვა სახლში, რომ მას თანხის გადახდა არ შეეძლო. ეს ბავშვისთვის სავალალო შედეგით დასრულდა – 9 თვის გოგონა უკვე გარდაცვლილია.