"ურთულესი კითხვა დამისვა - "ვინ ხარ"?! მამა პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი) სოციალურ ქსელში გამორჩეულია თავისი სტასუსებით, თუმცა ბოლო დროს ნაკლებად აქტიურობს, პირად გვერდზე მხოლოდ საკუთარ ლექსებს აქვეყნებს...
გასულ ზამთარს, მას დედა გარდაეცვალა, რამაც ძალიან დაამწუხრა... ამჯერად ვთხოვეთ, სწორედ დედაზე და მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსა და სევდაზე ესაუბრა და იმაზე, თუ რა ადგილი ეკავა ამ ადამიანს მის ცხოვრებაში...
მამა პეტრე: "დედა ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ გარდამეცვალა, როცა სოფელში ჩასულს, ურთულესი კითხვა დამისვა - "ვინ ხარ"?! ოცდაათი წლის მანძილზე დედაჩემს არასდროს უკითხავს, ვინ ვიყავი. სულის კალთაზე ვყავდი გამობმული და ჩემს ამოუთქმელ დარდს ტარიგივით ეწირებოდა... ის სახლის ეზოში დაკრეფილი ვარდები იყო, ლარნაკში რომ მოვათავსებდი და შორიდან ყურებაც სიმშვიდეს მგვრიდა... ყვავილზე მეტად, ვარდის ფურცლებს დედის სურნელი ასდიოდა... ძალიან უყვარდა მცენარეების მოვლა და პატრონობა... ტკივილი იყო, აუტანელი ტკივილი, შუშანიკივით წამებული და ოჯახისთვის დამაშვრალი... ნერვები მეშლებოდა, რადგან თავს ყოველთვის დამნაშავედ და ზედმეტად გრძნობდა... დედაჩემი ისე წავიდა, გაცნობაც ვერ მოვასწარი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მის წიაღში ამოუხსნელი საიდუმლო იმალებოდა... შვიდი წელიწადია, ვგლოვობ... ის ყოველწამიერად მიკვდება, მეც სუნთქვა მიჭირს მკვდარ მუცელში ჩარჩენილი ემბრიონივით...
- მკაცრად გზრდიდათ? ანუ როგორი დამოკიდებულება გქონდათ დედა-შვილს?
- სიხარულზე მეტი მწუხარება მასწავლა... დაბადებიდან მაგუებდა სევდას... ყოველდღიურობაში ვგრძნობდი, ადამიანთა მსახური უნდა ვყოფილიყავი... სტუდენტობის წლებში, შუქი რომ დღესასწაულივით იშვიათად შემოაღებდა კარს, ჩემთვის სინათლე არასდროს ჩამქრალა, რადგან კვირის ბოლოს სოფლის წითელ ავტობუსს დედის ცრემლებით დანამული წერილი მოჰქონდა... ეს იყო ფოლკნერისეული მსჯელობა, ჩოხელისეული სევდით გაჯერებული სტრიქონები... მათემატიკური სიზუსტით აღწერდა იქაურობას... დედაჩემი ჩემთვის დაუწერელი რომანის გმირი იყო, მშვენიერი ტრაგედიებით... რწმენასავით მჭირდებოდა, სირთულეების დაძლევაში... ცხოვრება არასდროს გვანებივრებდა... არ იყო ჩვენი სინამდვილე მარტივი... შეეძლო დაუსრულებლად ეტირა... ბევრჯერ უთენია მისი ქვითინი მაღვიძებდა, წიგნში ან ვინმე კვდებოდა, ან ვინმეს შორდებოდნენ... ტკივილსაც და სიხარულსაც თანაბრად გამოხატავდა - ცხარე ცრემლებით ტიროდა... ჰო, ტირილში გავიზარდე. კურსიდან კურსზე უმაღლესი ქულებით გადავდიოდი, მინდოდა, მისთვის მეხარებინა, მაგრამ მეტყოდა, რატომ გიკვირს, შენ მეტი შეგიძლია და მიღწეულით ნუ დაკმაყოფილდებიო... არ ვიცი, მეტი მართლა შემეძლო თუ, დედის წარმოსახვა იყო, მაგრამ მოტივირებული ვიყავი, ის "მეტი" საკუთარ თავში აღმომეჩინა... გაგრძელება