პაატა იმნაძე - თბილისში ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს საფრთხე არ არის
პაატა იმნაძე - თბილისში ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს საფრთხე არ არის
პაატა იმნაძე - კუს ტბის დამსვენებლებს შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან თბილისში ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს საფრთხე არ არის თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, გამბუზიას კუს ტბაში გაშვება ზიკასთან კავშირში საერთოდ არ არის. მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონია.

"გამბუზია არის ძალიან აქტიური მეთოდი მალარიის გადამტან კოღოებთან- ანოფელესთან საბრძოლველად. საქართველო იყო პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც 20-იან წლებში შემოიყვანეს ეს თევზი იტალიიდან და გაავრცელეს. ძალიან დიდი როლი შეასრულა გამბუზიამ საქართველოში მალარიასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებში. გამბუზია ძალიან ეფექტურია მალარიის გადამტან კოღოსთან, მაგრამ კუს ტბაზე მალარიის გადამტანი კოღოები არ არიან და არც ყოფილან არასდროს. მაგ სიმაღლეზე მალარიის კოღო არ გვხვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ძირითადად არის კულექსები ანუ ის კოღოები, რომლებიც სარდაფებში ჩამდგარ წყლებში მრავლდებიან. რაც შეეხება ზიკას გადამტან კოღოს, ის თბილისში საერთოდ არ არის, არსად თბილისის ტერიტორიაზე ზიკას გადამტანი კოღოები ნაპოვნი არ არის. აქედან გამომდინარე, თვითონ გამბუზიას გაშვებამდე კარგი იქნებოდა კონსულტაციები გაევლოთ
სპეციალისტებთან. თუმცა გამბუზია არაფერს აშავებს, მთელი საქართველოს წყალსატევებში ფართოდ არის გავრცელებული. ის არის პატარა თევზი, რომელიც ძალიან კარგად ჭამს მალარიის გადამტან კოღოს ჭუპრებს", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, გამბუზია არც ზიკას გამავრცელებელ კოღოებთან არის კავშირში და არც კულექსებთან.
"ის ძირითადად მალარიის გადამტან კოღოებსა და ჭუპრებზე მუშაობს", - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, კუს ტბის დამსვენებლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

"წყნარად შეუძლიათ იყვნენ კუს ტბის დამსვენებლები. თევზიც არის პატარა, არ არის პირანია, რომ ვინმეს რამე ავნოს. თვითონ ის, რომ კოღოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ეს ისეთი ღონისძიებაა, რომლის გავრცელებასაც კუს ტბაზე ნამდვილად არ ჩავთვლიდით საჭიროდ. თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ატარებენ ზედამხედველობას, მუდმივად აკონტროლებენ იმ წერტილებს სადაც შესაძლებელია იყოს კოღოები როგორც მალარიის გადამტანის, ასევე ზიკას, დენგეს და ა.შ. ყველა სახეობის კოღო არის კონტროლის ქვეშ. ჩვენთან რომ ყოფილიყო კონტაქტი ვეტყოდით რა ღონისძიება სად უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა იმნაძემ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა - გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

სამინისტროსა და "საქართველოს მეთევზეთა კლუბს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი, აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.
1668
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```