"ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა" - მანიკა ასათიანის კომენტარი ქმრის დაპატიმრების შემდეგ კალათბურთელ ბექა წივწივაძის გარშემო ატეხლ აჟიოტაჟს მისი მეუღლე, მოდელი და წამყვანი მანიკა ასათიანი ფეისბუქზე შემდეგი პოსტით გამოეხმაურა:
"დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემ ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა (თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრბის ნერვიულობას). რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა, ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა. ასე რომ, მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით რომ ხარობთ, თქვენს ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად!
ცოტა ნაკლებად მეიმედება, რამე ეშველოს იმ ბრბოს, რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ, კუდის მობმა არაა საჭირო.
P.s. ჩემო ნამდვილო მეგობრებო, მეც და ბექაც კარგად ვართ, არ ინერვიულოთ".
შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.