"სულ დალურჯებული დავდიოდი, მაგრამ ამ ამბავს ყველას ვუმალავდი..." დანაშაული, რომლის დეტალებზეც ვისაუბრებ, 10 ივლისს, თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში მოხდა. 42 წლის მთვრალი ზურაბ სუბელიანი იმ დღეს სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, დარეჯან კუპრაძეს. ახალგაზრდა ქალს ძაღლის დასაბმელი ჯაჭვით, ჯოხითა და ხელკეტით სასტიკად სცემა, ამასაც არ დასჯერდა, შემდეგ ქალს ყური მოაჭრა. ამ ფაქტის თვითმხილველი მეზობელი, კახა პაკელიანი თურმე ცდილობდა, მოძალადისგან ეხსნა ახალგაზრდა ქალი, მაგრამ სუბელიანი პაკელიანსაც სასტიკად გაუსწორდა, ისიც ჯაჭვით სცემა, სამზარეულოს დანით მუცლისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მასაც მოაჭრა ყური, დასისხლიანებულები იქვე, ძირს ეყარნენ, დამნაშავემ კი მიმალვა შეძლო. სამწუხაროდ, კახა პაკელიანი მიყენებული დაზიანებებით მალე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მისთვის დროზე დახმარება რომ აღმოეჩინათ, გადარჩებოდა. დანაშაული 4 საათის შემდეგ გახდა ცნობილი პოლიციისთვის. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სულზე მიუსწრო კომაში ჩავარდნილ ქალს. ის სასწრაფოდ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 108-ე, განზრახ მკვლელობით და სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. დამნაშავე სუბელიანი პოლიციამ მალევე დააკავა, ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს.
მოკლული კახა პაკელიანის ოჯახის წევრები და ახლობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მოკლულის ნათესავები კატეგორიულად უარყოფენ ამ ვერსიას და ამბობენ, რომ გარდაცვლილს არანაირი ურთიერთობა მკვლელის ცოლთან არ ჰქონია. იმავეს ამბობს სიკვდილს გადარჩენილი დარეჯან კუპრაძე. მისი მტკიცებით, დამნაშავე თავის მართლებას ცდილობს და ამიტომ შეთითხნა ეს ბინძური ვერსია. იგი ქმრის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
დარეჯან კუპრაძე, დაზარალებული:
- ჩემი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. ზურაბ სუბელიანზე 2008 წელს ვიქორწინე, თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მას მერე, რაც ხაიშში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ხაიშში მისი ძმის სახლია და იქვე ვცხოვრობდით ჩვენც. იქ უსაქმურობისგან დალევა დაიწყო და ძალიან აგრესიული გახდა. საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია და ნებისმიერ რაღაცაზე შეეძლო ეჩხუბა. უნდა ყოფილიყავი ჩუმად, თუ შეეპასუხებოდი, სასტიკად გაგისწორდებოდა. სხვა გზა არ მქონდა, ეს წლები ვიტანდი ამ ტანჯვას.
- გცემდათ?
- ვინ იცის, რამდენჯერ ვუცემივარ. სულ დალურჯებული დავდიოდი, მაგრამ ამ ამბავს ყველას ვუმალავდი. განაგრძეთ კითხვა