არ ჰქონდა შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, საშვილოსნო საოცარი ისტორია აქვს "ქალთევზას სინდრომით" დაბადებულ პატარა გოგონას, რომელიც უფროსივით მსჯელობდა ცხოვრებაზე. უხაროდა ყოველი დღის გათენება, მშობლებთან ერთად სეირნობა და პეპლებზე დაკვირვება.
ამერიკელი გოგონა შაილო პეპინი უიშვიათესი სინდრომით - სირენომელიით, ანუ შეზრდილი ფეხებით, 1999 წელს ამერიკაში დაიბადა. ექიმებმა დაბადებისთანავე აღნიშნეს მისი უჩვეულობა, ფეხები ქალთევზას კუდს მიუგავდა. ეს სენი იშვიათად ვლინდება და ხშირად ფატალურად მთავრდება. მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანია ცნობილი ასეთი სინდრომით. შეილო ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, თუმცა, ერთადერთი, რომელმაც 10 წელი იცოცხლა. მშობლებს უკვე სჯეროდათ, რომ მათმა გოგონამ ყველა სირთულე დაძლია და ბედნიერი წლები ელოდა წინ...
შაილო პეპინი შეზრდილი ფეხებით დაიბადა. მას არ ჰქონდა შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, საშვილოსნო, გენიტალიები, ორი თირკმლის ნაცვლად მხოლოდ ერთის მეოთხედი ჰქონდა. ექიმების დახმარებით გოგონამ ჯერ რამდენიმე დღე იცოცხლა, შემდეგ - კი 10 წელი. შაილომ რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. მათ შორის, თირკმლის გადანერგვა.
ჯანმრთელ თანატოლებთან შედარებით პეპინს საოცრად განითარებული გონება ჰქონდა. შაილოზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ის გულწრფელად უზიარებდა ჟურნალისტებს თავის მოსაზრებებს საკუთარ თავზე, სამყაროზე, ღმერთზე...
უყვარდა ლამაზად ჩაცმა. დედას სთხოვდა, სხვადასხვა ფერის სამოსი ჩაეცმია მისთვის, რათა ცისარტყელას დამსგავსებოდა. უყვარდა პეპლები; აღფრთოვანებას გამოხატავდა როგორც ცოცხალი, ასევე დახატული პეპლების მიმართ.
8 წლის შაილოს შეეძლო უფროსივით ემსჯელა საკუთარ სინდრომზე. ჟურნალისტებს დეტალურად უხსნიდა სირენომელიის ნიუანსებს. გოგონას მამამ, ელმერმა სამსახური მიატოვა, რათა მეტი დრო დაეთმო შვილისთვის. მისი აზრით, პეპინს უხაროდა ყოველი დღის გათენება და ცდილობდა, გარშემო მყოფებისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი დაავადება საშიში არ იყო.
მოთმინებით იტანდა მუდმივ სამედიცინო შემოწმებას, ტესტირებას, ოპერაციებს, გადაადგილებას. უყვარდა სიცილი, ახლობლებისთვის საჩუქრების მიძღვნა და საკუთარი ოთახის პეპლებით მორთვა.
როცა ექიმმა დიეტა დაუნიშნა, საყვარელ ტკილეულზე უარს თქმამ მოუწია. საოცრად გონებაგახსნილი გოგონა იყო. შეეძლო ცურვა, ცეკვაც კი...
10 წლის იუბილე აუზში აღნიშნა. 2 თვის შემდეგ კი ავად გახდა. მშობლებს ეგონათ, რომ მათი გოგონა გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ სასწაული არ მოხდა. შაილო პნევმონიით გარდაიცვალა...
პატარა და ძლიერი შაილო მუდამ დარჩება ახლობლების გულებში და მედიცინის ისტორიაში, როგორც გოგონა-ქალთევზა, რომელმაც 10 ბედნიერი წელი იცოცხლა.