იმისთვის, რომ ახალგაზრდა დედებმა გაითვალისწინონ და მეტი კონტროლი გაუწიონ საკუთარ ემოციებს შვილებთან მიმართებაში ჩვენს საიტზე ძალიან მტკივნეულ თემად რჩება დედებისგან გულნატკენი შვილების აღსარებები. ამ თემაზე მომზადებულ წერილებს გამუდმებით ემატება კომენტარები, სადაც უკვე ზრდასრული შვილები თავიანთი მშობლების სისასტიკეზე ჰყვებიან. შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ეს ამბები რეალური ისტორიებია, რომლებიც დღესაც ხდება ჩვენს ირგვლივ. გთავაზობთ კიდევ ერთ ისტორიას ისევ და ისევ იმისთვის, რომ ახალგაზრდა დედებმა გაითვალისწინონ და მეტი კონტროლი გაუწიონ საკუთარ ემოციებს შვილებთან მიმართებაში. გასაგებია, რომ მოძალადე დედებიც გარემოების მსხვერპლნი არიან, მაგრამ ჯავრის უმწეო ბავშვზე ამონთხევა ხომ სამარცხვინო და უპატიებელი სისასტიკეა. ნუ გაიმეტებთ შვილებს ამისთვის. ახლა კი მკითხველის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
"მეც მცემდა დედა, მერე მეფერებოდა, სულ მუშაობდა, ლამაზი იყო ყოველთვის, სულ ფორმაში იყო, მინდოდა ჩემს კრებებზე ევლო, რომ ბავშვებს დაენახათ, როგორი ლამაზი იყო, ის კი სულ მუშაობდა და არასდროს ეცალა - ბებია დადიოდა. არასოდეს უკითხავს ჩემთვის, რა მიჭირდა, რა მჭირდებოდა. ჩემი დაჟინებული თხოვნით მიმიყვანა ინგლისურზე, ერთადერთ წრეზე დავდიოდი, მიყვარდა და ძალიან კარგად ვსწავლობდი მხოლოდ ინგლისურს, სხვას არაფერს ვსწავლობდი, ბებიას ვეპარებოდი. სულ ეზოში ვიყავი სიცხეში და სიცივეში, ერთხელ არ დაინტერესებულა, სად მინდოდა ჩაბარება, არც აბიტურიენტობა მახსოვს, მერე ავდექი და ტექნიკურ უნივერსიტეტში მე თვითონ შევიტანე საბუთები და ტესტირება გავიარე, მოვხვდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, არც დამიმთავრებია, გამოვედი. მერე მუშაობა დავიწყე კონსულტანტად, დედაჩემმა არც ის იცოდა, სად ვსწავლობდი და არც ის, სად ვმუშაობდი.... მერე შეყვარებული მყავდა, სმას მივეჩვიე, საშინელი ცხოვრება მქონდა, მადლობა ღმერთს, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვინც მომაბრუნა და დღეს ბედნიერი ოჯახი გვაქვს, 6 წლის ულამაზესი გოგონა მყავს და მეორეს ველოდებით, არაჩვეულებრივი დედამთილ-მამამთილი, თან მყვება ყველა, არ ვიცი, რით დავიმსახურე, ალბათ ცხოვრებაში რაღაც ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ღმერთმა არ გამწირა.
არასოდეს დამიკარებია ჩემი გოგოსთვის ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი სამუშაო ადგილი გამომიჩნდა, არ დავიწყე მუშაობა. მინდა სულ მათ გვერდი ვიყო ყველგან და ყოველთვის, მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი იზრდება იდეალურ გარემოში. თვითონაც ისეთი მშვიდი, ზრდილობიანი ბავშვია...
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი ბედნიერი ვიქნენოდი ცხოვრებაში, თუმცა ყოველთვის მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ აუცილებლად რაღაც კარგი მოხდებოდა, მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის, რომ მომცა შანსი და მე ის გამოვიყენე".
ნინო; მისი კომენტარი გაკეთებულია წერილზე დედების მიერ გულნატკენი შვილების საშინელი ნაამბობი