"მაღიზიანებდა ყოყოჩი თანატოლები, რომლებიც მათზე უმცროსებს ან სუსტებს ჩაგრავდნენ. ამის გამო კონფლიქტიც მომსვლია" ალბათ ბევრ ჩვენგანს ერთხელ მაინც უმღერია "შინამანიქენა". ეს ჰიტი ნინო ძოწენიძეს ეკუთვნის. ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი სწორედ ნინო გახლავთ. მუსიკოსი სოლო კარიერამდე ორ ჯგუფში მღეროდა. ალბათ კარგად გახსოვთ მისი გამოსვლა პროექტ "ერთი- ერთშიც". აღმოჩნდა, რომ ნინო სპორტული მოზარდი იყო (კარატეშიც კი სცადა ძალები), პრანჭვა არ უყვარდა, თამბაქოს მოწევა 17 წლისას დაუწყია და თავისუფლებასაც დიდი დოზით აძლევდნენ.
- ნინო, როგორი ბავშვი იყავით?
- სპორტული. ყველაზე ხშირად წრეში ბურთს და რეზინობანას ვთამაშობდი. ჯიუტი და თავხედი არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი მაინც ყოველთვის გამქონდა. მაღიზიანებდა ყოყოჩი თანატოლები, რომლებიც მათზე უმცროსებს ან სუსტებს ჩაგრავდნენ. ამის გამო კონფლიქტიც მომსვლია. პირველად 6 წლისა ავედი სცენაზე. მუსიკალურ სკოლაში სოლო კონცერტი მქონდა, რადგან ვიოლინოზე კარგად ვუკრავდი. ისე ვნერვიულობდი, ინსტრუმენტი ხელიდან გამივარდა და გამიტყდა.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- ქუთაისში იმ დროს ტრანსპორტი არ იყო. ზამთარში სკოლაში დასველებული ფეხებით მივდიოდი. მუსიკალური სკოლა იყო და ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების შემდეგ მუსიკის გაკვეთილებს გვიტარებდნენ. მასწავლებლების ფავორიტი ვიყავი, ამიტომ, როცა ცოტა ვზარმაცობდი, ფონს ადვილად გავდიოდი. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა სკოლის სილამაზის კონკურსი, რომელშიც გავიმარჯვე. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გოგონა დააჯილდოეს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე ცოცხალი აღარ არის.
- გარდატეხის ასაკში ხასიათი დაგიმძიმდათ?
- ოჯახის წევრებთან უთანხმოება არ მომდიოდა. დედამ ხელი ერთადერთხელ დამარტყა, როცა სიგარეტის მოწევისას შემომისწრო. მოულოდნელად შინ დაბრუნდა, კარტოფილის შეწვას ვაპირებდი, დაჭრილი მქონდა და თამბაქოს სუნის გასაქრობად უმად შევჭამე. დედა მაინც მიხვდა. მაშინ 17 წლის ვიყავი. განაგრძეთ კითხვა