"ძალიან ხშირად არიან ავად. რამდენიმე პატარას ასთმა დაუდგინდა, ჩიყვი, ალერგია, კანის დაავადებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენთვის..." ალბათ ჩვენს პატარებს არ აინტერესებთ, რომ სასარგებლო წიაღისეული დედამიწის ქერქში არსებული ორგანული და არაორგანული წარმონაქმნია, რომელსაც ადამიანი რესურსების სახით იყენებს. სამთო- მოპოვებითი მრეწველობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარგია და განვითარებად ქვეყნებს საშუალებას აძლევს მოიზიდონ ინვესტიციები, ქვეყნის ეკონომიკა გააძლიერონ და შექმნან სამუშაო ადგილები.
ზემოთ ჩამოთვლილზე ფიქრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსების მოპოვების თითოეულმა ეტაპმა შესაძლოა უარყოფითი გაველენა მოახდინოს გარემოზე, სოფლის მეურნეობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
დღეს ადამიანის, კერძოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე ვისაუბროთ.
სამთო-მოპოვებითი საქმიანობები ადამიანის ჯანმრთელობას ბევრ სხვადახვა სახის რისკს უქმნის. მძიმე ლითონებმა ორგანიზმში მოხვედრისას შესაძლოა გამოიწვიონ შემდეგი დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, აუტისტური სპექტრის დარღვევები, კანის პრობლემები, ონკოლოგიური დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები და სხვ.
ალბათ ყველა დედამ იცის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის სუფთა ჰაერზე სეირნობას. ისიც კარგად ვიცით, რომ სანამ ბავშვს არ შეუძლია სიარული, ყველაზე უკეთესია, დღისით გარეთ, სუფთა ჰაერზე დავაძინოთ. სუფთა ჰაერი და მზის სხივები აძლიერებს ბავშვის ორგანიზმს და იცავს მას დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი რაქიტისგან. ბავშვი, რომელიც მიჩვეულია ზამთარშიც და ზაფხულშიც სეირნობას, გაცილებით იშვიათად ცივდება. ყოველდღიური გასეირნება აძლიერებს მადას და ბავშვის ნერვულ სისტემას. ის ნაკლებს ჭირვეულობს, უკეთ სძინავს.
რა უნდა ქნას დედამ, რომელიც ცემენტის ქარხანასთან ახლოს ცხოვრობს, ყოველდღიურად ფანჯრიდან უყურებს ქალაქში ნისლად ჩამოწოლილ მტვერს, ბავშვს გარეთ ვერ ასეირნებს, ვერც პედიატრის რეკომენდაციას ასრულებს და ვერ ანიავებს ოთახს დღეში 3-ჯერ?
საქართველოში გარემოს ცემენტის მტვრით დაბინძურება მეტად აქტუალური პრობლემაა. ეს პრობლემა კი უფრო მეტად აქტუალურია კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც ღია კარიერული წესით ხდება ცემენტის მოპოვება. 24/7 რეჟიმში დატვირთული სატვირთო მანქანები მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობენ. აღსანიშნავია, რომ მათი გზა პირდაპირ დასახლებულ ადგილზე გადის. დამტვერილი მანაქნები, ამ მანქანებიდან ამოფრქვეული მტვერი, კვირაში მხოლოდ რამდენიმეჯერ მორწყული ქუჩები, სტადიონი და სკვერი, სადაც ბავშვები უბრალოდ ვერ თამაშობენ - აი, ასეთი სურათი დაგვხვდა კასპში ჩასულ ჟურნალისტებს.
" ყოველდღიურად უწევთ ბავშვებს ამ მტვერის სუნთქვა. ძალიან ხშირად არიან ავად. რამდენიმე პატარას ასთმა დაუდგინდა, ჩიყვი, ალერგია, კანის დაავადებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენთვის. გვენატრება სუფთა ჰაერი, ბავშვების გასეირნება. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ბავშვის გარეთ გამოყვანა. ფანჯრებსაც კი ვერ ვაღებთ. 24 საათის განმავლობაში გვაწუხებს საშინელი ხმაური, არ გვაქვს ძილი არც ჩვენ და არც ჩვენს ბავშვებს", - თამო მამულაშვილი.
ცემენტში ტუტის მაღალი შემცველობა დერმატოზის განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოსახლეობაში ხშირია სასუნთქი გზების პათოლოგიები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცემენტის გადამუშავებისას დიდძალი მტვერი წარმოიქმნება, რომლის ჩასუნთქვის, ჩაყლაპვის, აგრეთვე კანსა და თვალებზე ზემოქმედების შედეგად განსაზღვრულ დაავადებებს ეყრება საფუძველი.
არსებობს სპეციალური ნორმები, მოთხოვნები და წესები, რომლებიც კომპანიებმა წიაღის მოპოვება-გადამუშავების დროს უნდა დაიცვან. თუ კანონით დადგენილ წესებს გაითვალისწინებენ მსგავსი პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება.
ამ საკითხზე კომპანია "ჰაიდელბერგცემენტისგან" გვსურდა კომენტარის მოსმენა, მაგრამ სამწუხაროდ ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადეს.
კასპის მონიციპალიტეტში ამ კომპანიისგან აქვთ ინფორმაცია, რომ 2017 წელს პრობლემა აღმოიფხვრება და სამთო-მოპოვება რეალურად მეტად გონივრული გახდება.
დრო კი გადის, პატარები იზრდებიან, დამტვერილი მინებიდან უყურებენ ასევე დამტვერილ სკვერს, სტადიონს და ღრუბლებს, რომლებსაც ცემენტის ფერი აქვთ.
სალომე გორგოშიძე