"თვალებში არ ჩამიხედავს, ისე მოვატყუე..." ქალბატონმა ბელა ალანიამ, შალვა ნათელაშვილის მეუღლემ, ასე მიულოცა ქალიშვილს დაბადების დღე:
"10 იანვარს, დილით სამშობიაროში დამტოვეს. გეგმიური ოპერაცია 15 იანვარს იყო ჩანიშნული.
საოცრად კარგი ექიმი შეგვხვდა- დავით ქორიძე. ძალიან ყურადღებიანი, თბილი.
საღამოხანს, დასამშვიდობებლად, ჩემს პალატაში შემოიხედა. ექთანი გადასხმას მიკეთებდა. ცოტა ხანში პანიკა ატყდა. ექიმმა ჩათვალა, რომ ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა ჩაეტარებინა.
არ დაგიმალავთ და შემეშინდა. წინა ღამით, სახლში ყოფნისას, გულის ამაჩუყებელი წერილიც კი დავწერე და წიგნში ჩავუტოვე ჩემს მეუღლეს.
საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როცა საოპერაციოში "დამპატიჟეს". ექიმი ზღურბლთან დამხვდა.
- როგორ ხარ, ბელა, ხომ არ გეშინია?
- ცოტა მეშინია, - ვუპასუხე და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადავყლაპე.
- შენ რაა ტირი? ნუ მანერვიულებ. პირიქით, მხიარული უნდა შემოხვიდე, მალე მეორე შვილი გეყოლება. აბა, ახლავე გაიღიმე.
ნაძალადევად გავიღიმე. აი, ისე, როცა გინდა მოაჩვენო, რომ ძალიან მაგარი ხარ.
- ხომ დაურეკე შალვას?
- დიახ, დავრეკე და გზაშია. - თვალებში არ ჩამიხედავს, ისე მოვატყუე. სხვა შემთხვევაში, მის მოსვლამდე, ოპერაციის დაწყებას არ აპირებდა.
საოპერაციოში შესვლამდე ექთანს ვთხოვე, როგორც კი ბავშვი დაიბადება, ამ ნომერზე დარეკეთ, თანაშემწეს ინფორმაციოა დაუტოვეთ გადასაცემად-მეთქი.
იმ დღეს, პარლამენტში, კანონი უნდა გაეტანა შალვას და არ მინდოდა, მომეცდინა. თან ხომ ვიცი, ძალიან ინერვიულებდა. სჯობდა, როცა ბავშვი დაიბადებოდა, მერე გაეგო.
საოპერციო თეთრად იყო შეღებილი.
- ბელა, მარჯვენა ფეხით შემოდი, - მითხრა თბილად ბატონმა დავითმა.
როცა ნარკოზიდან გამოვედი და გონს მოვედი, პალატაში ვიყავი გადაყვანილი. შალვას ხელში ზეწრებში გახვეული, პატარა გოგონა ეჭირა... ორი კილო და 200 გრამი- ნათელაშვილი, ეწერა მაჯაზე გამობმულ ნაჭერზე.
- მაინც და მაინც პარლამენტის სხდომაზე უნდა გამოეცხადებინათ, რომ გოგონა შეგვეძინა? რატომ არაფერი მითხარი.
ტრიბუნასთან მოხსენება შემაწყვეტინეს და პირდაპირ ეთერში მახარეს...
არაფერი ვუპასუხე. მათი ცქერით ვტკბებოდი...
- შეიძლება, დედაჩემის სახელი დავარქვა? ცოცხალი რომ ყოფილიყო, ძალიან გაუხარდებოდა.
- რა საყვარელი გოგოა, ჩვენი პაწია დარეჯანი. მადლობა, უფალო!
დღეს ჩემი დაკო იუბილარია".