მღვდლის მიერ ბავშვებთან მოპყრობაზე საქართველოს ფარგლებს გარეთაც ალაპარაკდნენ ეს ვიდეო ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. განსაკუთრებით აღშფოთდნენ მშობლები. ვიდეოზე ასახულია ნათლობის რიტუალი, როგორ ნათლავს მღვდელი ბავშვებს. რეაქცია მოჰყვა თავად პროცესს და ბავშვებთან მოპყრობას - პატარებს საკმაოდ უჩვეულოდ, არაადეკვატურად აყოფინებენ ხან თავს და ხან ფეხებს წყალში და მერე თვალის დახამხამებაში, სანამ ისინი ამოსუნთქვას მოასწრებენ, უკვე ნათლიების და გაოგნებული მშობლების ხელში არიან... რამდენად უხეშად იქცევა სასულიერო პირი და საერთოდ რამდენად სწორად ტარდება ეს პროცესი, ამაზე ალბათ გააკეთებენ კომენტარს სასულიერო პირები, ფსიქოლოგები თუ პედიატრები, თუმცა ფაქტია, ამან საზოგადოება აალაპარაკა და საქართველოს ფარგლებსაც გასცდა ეს ამბავი - ინგლისურენოვანი და რუსული ვებგვერდებიც აზიარებდნენ ამ ვიდეოს. ეგ კი არა, რუსეთის რამდენიმე საიტზე ვიდეო ისე გაავრცელეს, თითქოს მასზე საქართველოს პატრიარქი იყო ასახული და ის "უხეშობდა ბავშვებზე".
საქართველოშიც ვიდეოს, რასაკვირველია, ათასგვარი კომენტარი მოჰყვა. ბევრი თანხმდება, რომ მღვდელი მეტისმეტად არაფრთხილი და უხეშია პატარებთან. სხვებიც ამბობენ, რომ აქ უჩვეულო არაფერია და სრულიად ჩვეულებრივი რიტუალია.
იხილეთ ვიდეო და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.