„ათეისტურ-მოდურ ტენდენციებს არც ჩემი ოჯახია აყოლილი და არც ჩემი შვილები...“ - ცნობილი დედები შვილების რელიგიურ აღზრდაზე
„ათეისტურ-მოდურ ტენდენციებს არც ჩემი ოჯახია აყოლილი და არც ჩემი შვილები...“ - ცნობილი დედები შვილების რელიგიურ აღზრდაზე
ბოლო პერიოდში რელიგიური თემაზე გავრცელებული არც ისე სასიამოვნო ინფორმაციები, გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. უფროს ადამიანებს გვაქვს ანალიზის უნარი და შეგვიძლია ესა თუ ის ამბავი ფილტრში გავატაროთ, სამაგიეროდ, რთულ სიტუაციაში ვარდებიან ბავშვები, მოზარდები, რომლებიც მსგავსმა ინფორმაციებმა შესაძლებელია, მარტივად დააბნიონ და დააბრკოლონ. ჩვენ სალომე გოგიაშვილსა და თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, თუ როგორ იცავენ შვილებს მსგავი სიტუაციებიდან და ზოგადად, რამდენად ახერხებენ იცხოვრონ ეკლესიურად.

თამრიკო ჭოხონელიძე:
- სანამ ბავშვს ეკლესიაში მივიყვანთ, მანამდე ოჯახმა უნდა მოამზადოს ის ამისთვის, თ
უნდაც ათი მცნების შესახებ მანამდე უნდა იცოდეს ბავშვმა, სანამ ეკლესიაში მივა. ის, რომ მშობლებს პატივი უნდა სცეს, შური რომ ცუდია და ა.შ. მანამდე უნდა მივაწოდოთ დოზირებულად, მაგალითების მეშვეობით, ზღაპრის დონეზე. მე შეძლებისდაგვარად mshoblebiშევეცადე, ასე მომემზადებინა ჩემი შვილები და მერე შევედით ტაძარში. 1996 წელს ავიყვანე მოძღვარი, იმ დროს ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, ჯერ მე დავიწყე ეკლესიურად ცხოვრება, თანდათან შემომიერთდნენ ჩემი შვილები. მახსოვს, როგორ მშვიდად და აუღელვებლად ათქმევინა მამაომ აღსარება. ბავშვების დათრგუნვა ამ გარემოში არაფრით არ შეიძლება. მაპატიოს ყველამ და მე მეორე მხარის მიდგომასაც ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, იმიტომ, რომ არსებობს ბევრი ხელის შემშლელი პირობა. შესაძლოა შენ სახლში დიდი რუდუნებით,
სიფრთხილით, დოზირებულად ცდილობ, მიაწოდო შენს შვილს რელიგიური საკითხები, თუნდაც ეკლესიური ცხოვრების დეტალები, იმიტომ, რომ შემდეგ ძალდატანებით, რაც არასწორია, არ მოგიწიოს მისი ტაძარამდე მიყვანა და თავად გაუჩნდეს ამის სურვილი, მაგრამ ხანდახან ტაძრებიდან წინაღობას, საპირისპირო დამოკიდებულებას ვხვდებით, თუნდაც იმ დოგმების სახით, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვაპროტესტებ. ვგულისხმობ იმ დაწესებულ ჩარჩოებს, რაც ეხება სანთლის ჩაქრობას, ეკლესიის ამა თუ იმ დგილზე დგომა-გავლას, იქ არ გაიარო, ეს ასე არ დადო და ა.შ.

მახსოვს, ერთ-ერთ ტაძარში, ოღონდ არა თბილისში, შვილებთან ერთად შაბათის ლოცვაზე დასწრების შემდეგ, კვირას ზიარებისთვის გამზადებულები წირვაზე მივედით. იქ მყოფმა გავიგე, მესანთლე როგორ უყვიროდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ჩემი შვილებიც იყვნენ, რომლებმაც რკინის ფული დადეს სანთლის სანაცვლოდ, მესანთლემ კი ყვირილით მიუთითა, ნუ ახმაურებთ ფულსო. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი უფრო მეტ ხმაურს გამოიწვევდა, რკინის ფულის დადების ხმა თუ იმ ქალის ყვირილი, რომელმაც ისე დათრგუნა ბავშვები, რომ მომეწებნენ, აიტუზნენ და მაშინვე მივხვდი, რომ მათი ზიარება იქნებოდა გათამაშებული სცენა და ისინი ვერ შეიგრძნობდნენ ამ მადლს. ისე დაითრგუნნენ, რომ ვერ აგიხსნით.

აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ბევრი რამ არის დამაბრკოლებელი ეკლესიაში, ვიღაცების გამოგონილი დოგმების გამო რიგ შემთხვევებში ვიჩაგრებით. ჩემთვის ბევრ სხვა საკითხთან ერთად, თუნდაც შარვლით ეკლესიაში შეუსვლელობა მიუღებელია, ეს სიბნელეა. მე არაერთხელ მივსულვარ თავად პატრიარქთან შარვლით, ოღონდ რასაკვირველია, ეს არ ყოფილა გამომწვევი, ზემოდან იმხელა ანაფორასავით მოსასხამი მეცვა, ვერავინ მიხვდა, კაბა მეცვა თუ შარვალი და არც არავის უთქვამს, ასე რატომ შემოდიხარო. თუმცა ტაძარში გამოჩნდა მეტიჩარა ქალი, რომელმაც იმდენად ცუდად მომცა შენიშვნა, რომ ცხარე ცრემლებით მატირა. ასეთი რაღაცები ადამიანებს აბრკოლებს, რაც ძალიან ცუდია.

დღეს ჩემი შვილები უკვე სრულად დამოუკიდებლად დადიან ტაძარში, რაც შეეხება შვილიშვლებს, მათთან ნელ-ნელა ვსაუბრობთ რელიგიურ თემებზე და ველოდები იმ მომენტს, რომ თავად მკითხონ, როდის წავალთ ტაძარშიო. როგორც უკევ აღვნიშნე, მე ეს ძალდატანებით არ მინდა გავაკეთებინო.

- ქალბატონო თამრიკო, თქვენ როგორც დედა და ბებია, როგორ იცავთ შვილებს, შვილიშვილებს იმ ნეგატიური ინფორმაციისგან, რაც საპატრიარქოს, მღვდლების შესახებ ისმის. დამეთანხმებით, ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს. რა უნდა გავაკეთოთ მშობლებმა, რომ ამ ყველაფრით ბავშვები არ დაბრკოლდნენ, არ შეეცვალოთ შეხედულებები და ა.შ.
- ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ახლა აღმოვჩნდი. როცა ტაძარში ვხედავდი ისეთ რაღაცებს, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, ისე ვფუთავდი, რომ ბავშვები ამას ვერ გრძნობდნენ. აი, მიმდინარე მოვლენები კი იმდენად ამაზრზენია, იმდენად შემაშფოთებელია, რომ შიშის გრძნობას მიღვიძებს, ასეთი უძლური არ ვყოფილვარ არასდროს. ასეთი ზიზღის ენით საუბარი, დაპირისპირება, შიდა ამბების გამოაშკარავება, მართალიც რომ არ იყოს, სისაძაგლეა მეორე მხრიდანაც კი, რომელიც თურმე ჩასაფრებული ყოფილა, რომ ამდენი ცუდი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. მე ვარ შოკირებული და დათრგუნული. ერთადერთი საკუთარი თავის იმედი მაქვს, ისევ მე უნდა გადავარჩინო საკუთარი შვილები. უნდა აღვმართო დიდი კედელი ინფორმაციასა და ამ ბავშვებს შორის. ყველა დარტყმა უნდა ავიღო ჩემს თავზე და ისე უნდა შევფუთო ეს ყველაფერი, რომ ჩემს შვილებზე ნეგატიური გავლენა არ იქონიოს და ხვალ არ დაკარგონ ეკლესიაში მისვლის სურვილი.


სალომე გოგიაშვილი:
- ტრადიციულ მართლმადიდებელ ოჯახში გავიზარდე და დღემდე ამ გზით მივდივარ, mshoblebiთუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვიცავ მარხვას, ყველა შაბათ-კვირას დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ მყავს მოძღვარი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. ჩემმა შვილებმა იციან, რომ უნდა ჰყავდეთ მოძღვარი, იარონ ეკლესიაში და იარონ ქრისტიანული გზით. ათეისტურ-მოდურ ტენდენციებს არც ჩემი ოჯახია აყოლილი და არც ჩემი შვილები.

- მიმიდინარე მოვლენებმა, რაც შუქდება პრესითაც, ხომ არ იქონია გავლენა შვილებზე? ან რაიმეს ახსნა ხომ არ მოგიხდა ამის გამო, დამატებითი კითხვები ხომ არ გაუჩნდათ? თუ ცდილობ, ბავშვები მოარიდო ასეთ თემებს?
- ერთადერთი, რასაც ვარიდებ და არ ვაყურებინებ ჩემს შვილებს, ესაა არატრადიციული ორიენტაციის ხალხის გამოსვლები. ვიღაცა ჰომოფობს მეძახის, ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელია ჩემი ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ არ მომწონს და არ მინდა ჩემმა შვილებმა ასეთ ადამიანებს უყურონ. მიუხედავად ამისა, მაინც მიხდება ხოლმე იმის ახსნა, თუ რატომ გამოიყურება ქალი მამაკაცივით, ან პირიქით, მაგრამ ამის ხშირად ყურება არ მსიამოვნებს და თუ ტელევიზორში მოვკრავ მსგავს ადამიანებს თვალს, მაშინვე ვრთავ სხვა არხზე, ინტერნეტში თუ წავაწყდი, სხვა თემაზე გადამაქვს აქცენტი და საუბარი, კატეგორიულად არ მინდა ეს ყველაფერი ნახონ ჩემმა შვილებმა. რაც შეეხება სხვა დანარჩენ თემებს, არ ვარიდებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, ბავშვმა უნდა იცოდეს ყველაფერი. არ მომწონს, მშობლები შვილებს რომ უქმნიან ხელოვნურ ვაკუუმს, პატარაა და ჯერ ადრეა მისთვის ასეთი რაღაცების მოსმენა - ეს მიდგომა, ჩემი აზრით, არაა მართებული. 15 წლის ბავშვი ნამდვილად აღარაა პატარა იმისთვის, რომ დაუმალო ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ამბები. როგორც შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი იყოს ცუდი, ასევე შესაძლებელია, ცუდად იქცეოდეს მოძღვარი, ხდება ასეთები და ამას ვერ გავექცევით. უბრალოდ, ამაზე ჩვენთან არ მიდის განხილვა, არ მიყვარს სასულიერო პირებზე საუბარი, მათ განკითხვა და ა.შ. ვიცი, რომ ფაქტი რაც მოხდა, ჩემი შვილისთვისაც ნეგატიური იყო, მაგრამ ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ და არ ვშლით ამ თემას.

- სალომე, რას ფიქრობ, თუ რა ასაკიდან უნდა შევიდეს ბავშვის ცნობიერებაში რელიგია, საჭიროა თუ არა ამაშიც დავიცვათ ზღვარი, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს?
- როგორც უკვე გითხარით, მე ტრადიციული, მართლმადიდებელი ოჯახი მაქვს, ჩემი მოძღვარი, მამა ილია ნასიძე, მამაჩემის მეგობარია, მის ხელში ვარ გაზრდილი. როცა მამა გაკვეთილებიდან ჩემს გასაყვანად ვერ მოდიოდა, ილია მაკითხავდა, მაშინ მამაო არ იყო. თინეიჯერობაში რომ გადავედი, იმ პერიოდში ეკურთხა და გახდა მამა ილია. მას შემდეგ მთელი ცხოვრება გრძელდება ასე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ვიცავ მარხვას და ა.შ., მაინც ვთვლი, რომ არ ვარ ვინმეზე ნაკლებად რელიგიური და მომწონს როგორც ვზრდი ჩემს შვილებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვებს თავადაც უჩნდებათ ეკლესიაში სიარულის სურვილი, იცავენ ეკლესიურ ტრადიციებს და პატივს სცემენ საკუთარ რელიგიას. ჩემთვის ეს დოზა საკმარისია, ზედმეტი არაფერი მიყვარს, ყველაფერში ნორმაა მისაღები, მით უმეტეს, როცა ბავშვი მოზარდია, მას ყველაფერი აინტერესებს და ზედმეტმა ეკლესიურობამ არ უნდა შეუშალოს ხელი იმაში, რომ რაღაცაზე თქვას უარი... XXI საუკუნეა და ვთვლი, რომ ყველაფერი დოზირებული მისაღებია.

ციცი ომანიძე

33163
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სტუმარი
0
ისე შევფუთე ასე შევფუთეო, ეგ რაღა გამოდის.
00:14 / 26-03-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი