გმირი დედა, რომელმაც უდიდეს განსაცდელს გაუძლო, ახლა სხვა მშობლებს აძლევს რჩევებს 55 წლის ლონდონის მაცხოვრებმა სარა ციგელმა მოყვა თავისი ოჯახის ისტორია: მას და მის მეუღლე ჯონათანს აუტისტური სპექტრის მქონე 4 ბიჭი ჰყავთ.
სარა ციგელი ჯონათანს 35 წლის ასაკში შეხვდა. სარას ფეხმძიმობის ამბავი ორივესთვის სასიხარულო აღმოჩნდა. ისინი ტყუპს ელოდნენ.
3 წლამდე მშობლებმა ვერაფერი შეამჩნიეს პატარებს. თუმცა ისინი არასდროს ყოფილან მშვიდები, გამუდმებით ყვიროდნენ. სარას ეგონა, რომ ასეთი ქცევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ლაპარაკის დროც მოვიდა, მაგრამ ბენჯამინი და ტომასი დუმდნენ - ვერ ლაპარაკობდნენ. მაშინ მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვების ექიმთან მიყვანა სმენის შესამოწმებლად.
იმ დღეს სარამ და ჯონათანმა პირველად გაიგონეს სიტყვა "აუტისტი". მშობლები შოკში იყვნენ. როდესაც სარა ტყუპის ქცევებს იხსენებდა, უფრო და უფრო რწმუნდებოდა დიაგნოზის სისწორეში.
"მათ არ ესმოდათ რასაც ვეუბნებოდით, აწყობდნენ გაუთავებელ ისტერიკებს, შარდს უსვამდნენ კედლებს, იგნორირებას უკეთებდნენ რბილ სათამაშოებს. მაგალითად ტომასს მოსწონდა კბილის ჯაგრისის ჩასადები, რომელსაც ხელს არ უშვებდა. ერთ დღეს საბავშვო ბაღის პერსონალი შეეცადა გამოერთმია ჯაგრისის ჩასადები, რაზეც ტომასმა ისტერიკა მოაწყო. შემდეგ მითხრეს, რომ აღარ მიმეყვანა ბაღში, რადგან პედაგოგები ვერ ართმევდნენ თავს ტყუპის ქცევებს”. სარამ დაიწყო საჭირო ლიტერატურის მოძიება.
პირველივე წიგნმა გააოგნა იგი: მასში საუბარია იმაზე, რომ მშობელს არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, თითქოს აუტისტი ბავშვი ოდესმე შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას, რომ მშობელს მართებს მოთმინება. სარა არ დანებდა. მან შემთხვევით გაიცნო ქალი, რომელმაც უამბო მას ქცევის ანალიზის თერაპიის შესახებ, რომელმაც მართლა უშველა ბავშვებს.
ამ მეთოდით არა მხოლოდ ასწავლიან ბავშვებს, არამედ ასაჩუქრებენ კიდეც. ”მასწავლებელი საათობით იმყოფებოდა ბაღში წყლის შლანგით ხელში და თუ ბენჯამინი იტყოდა ასო "ბ"-ს, მაშინ ის ბიჭს აძლევდა უფლებას თვითონ მოერწყა ეზო. მან ბგერების გამოცემა 2 კვირის, ხოლო სიტყვების - 6 თვის შემდეგ დაიწყო", - ამბობს სარა.
ასეთმა პროგრესმა გაახარა მშობლები, მაგრამ მათ კიდევ ერთი დარტყმა ელოდათ: უმცროს შვილს - ჰექტორს, რომელიც 2 წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა, წაერთვა მეტყველების უნარი. "ექიმები ამბობდნენ, რომ პარანოია მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო", - იხსენებს სარა. ჰექტორსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლებისთვის ეს პერიოდი ყველაზე რთული აღმოჩნდა. მათ თავი იგრძნეს ცხოვრებისგან იზოლირებულად. მათ არ შეეძლოთ ოჯახურ ზეიმებზე წასვლა, რადგან ვერავინ ეგუებოდა ბავშვების საქციელს.
ერთხელ სარამ ბავშვები გასაბერ ბატუტზე სათამაშოდ წაიყვანა. ბენჯამენი შემთხვევით დაახტა მეორე ბავშვს. სარამ მოუბოდიშა ბავშვის დედას და აუხსნა, რომ მისი შვილი აუტიზმით იყო დაავადებული. მაგრამ ბავშვის დედამ ყვირილი ატეხა: "როგორ გაბედეთ აუტისტი ბავშვის მოყვანა საბავშვო მოედანზე?” სარა ამბობს, რომ აუტისტი ბავშვების აღზრდა ძალიან რთულია არა მარტო ემოციურად და ფიზიკურად, არამედ ფინანსურადაც. მათ თავიანთი სახლის ნახევარი გააქირავეს, რათა გადაეხადათ თერაპიის გადასახადი.
შედეგიც აქვთ: ბიჭებმა ნელ-ნელა დაიწყეს ლაპარაკი, თამაში და მყარი საკვების ჭამა. სარას ძალიან უნდოდა ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა. გენეტიკური ტესტები 20%-იან ალბათობას აჩვენებდნენ, რომ აუტისტი ბავშვი გაჩნდებოდა. დარწმუნებულმა, რომ ამჯერად გაუმართლებდა, გააჩინა მეოთხე ბიჭი. სანამ მარკუსი იზრდებოდა, მან თავის თავს აუკრძალა იმაზე ფიქრიც კი, რომ მასაც აუტისტური სპექტრის აშლილობა ექნებოდა, მით უფრო, რომ დაავადების არანაირი ნიშნები არ ჩანდა.
2 წლამდე ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ შემდეგ... ამჯერად დიაგნოზის მიღება მშობლებისთვის არც ისე რთული აღმოჩნდა, რადგან უკვე იცოდნენ, რომ მისი დახმარება შეეძლოთ. ბავშვების განვითარებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. "ახლა ძალიან ახლოს ვართ იმ მდგომარეობასთან, როდესაც ბიჭებს შეუძლიათ ნორმალურად ცხოვრება. ისინი არა მარტო ლაპარაკობენ, არამედ არ ჩერდებიან. მთელი ოჯახი ერთად ვსეირნობთ, დავდივართ რესტორანში და კინოში. ეს მათთვის აღარ არის ისეთი შოკი, როგორც ადრე იყო", - ამბობს სარა.
ყველა ბავშვს ჰქონდა კლასიკური მძიმე ფორმის აუტიზმი, მაგრამ ჰექტორი და მარკუსი უფრო მეტად განვითარებულები არიან, ვიდრე ტყუპი. მარკუსი დადის ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში, ჰექტორი - კერძო სკოლაში.
"დარწმუნებული ვარ, რომ უმცროს ბიჭებს დამოუკიდებელი ცხოვრება და ნორმალური სამუშაო ექნებათ. ტყუპს ახლახანს შეუსრულდა 18 წელი. მათ ყოველთვის დასჭირდებათ დახმარება, მაგრამ ისინი ბედნიერი ახალგაზრდები არიან და აპირებენ კოლეჯში ჩაბარებას. ბენჯამინი ნიჭიერი მუსიკოსია, ხოლო ტომასი - შესანიშნავი მხატვარი”.
სარამ დაწერა წიგნი, სადაც თავმოყრილია სასარგებლო რჩევები იმ მშობლებისთვის, რომლებსაც აუტისტი ბავშვები ჰყავთ და აქვე აღნიშნავს, რომ არ არსებობს ჯადოსნური წამალი, უნდა მშობლის დიდი მოთმინება და ყურადღება, მისი სიყვარული და გაგება.