ქეთო – ყველაზე პატარა ბავშვი მუცო-არდოტის ხეობიდან - უსაყვარლესი პატარა დიდი ადამიანი ექვსი წლის ქეთო დაიაური მუცო-არდოტის ხეობის ყველაზე პატარა ბავშვია. გზად ძმასთან და ორ უზარმაზარ ძაღლთან, ბოთესთან და ჭრელოსთან ერთად გვხვდება. მანქანას ვაჩერებთ, ვინაობას ვეკითხებით.
- მე ქეთო დაიაური ვარ, ეს ჩემი ძმა აბულეთია, ძროხების საძებრად მივდივართ. სულ ცამეტი გვყავს, უნდა ვნახოთ ტყეში მგლებმა ხომ არ შეჭამეს.
თმა შუბლთან ბოლომდე მოუკვეცავს უსწორმასწოროდ. კნაჭა გოგოა, კიკინებიანი. დაუზარებლად მოხტის ჩვენთან ერთად არდოტის მთებზე. ათას რამეს ვეკითხებით. ყველაფერზე სხაპასხუპით გვპასუხობს, მზეს სახეზე ხელით იჩრდილავს და ეშმაკური, ციმციმა თვალებით გვაკვირდება.
კამერის ჩართვამდე კაბას კოხტად ისწორებს მუხლისთავებზე. ემზადება, მაგრამ მოუსვენრადაა და ძაღლს თვალს არ აშორებს.
მერე თავის ძროხას მოკრავს თვალს მთის ძირში მიმავალ ბილიკზე, სულ ავიწყდება კამერა და ჩვენი კითხვები, სიხარულს ვერ მალავს:
აგე, ერთი ძროხა გამოჩნდა!
ექვსი წლის ქეთო წესით ბაღში უნდა დადიოდეს, მაგრამ პირიქითა ხევსურეთში საბავშვო ბაღი არსად არის.
- არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ბაღი არ არის. მინდა რომ იყოს, ბავშვებს ვეთამაშებოდი. ხანდახან მარტოც ვთამაშობ, ან ხანისძირში მივდივარ ავთო ბიძიას შვილთან.
აი, ამხელა გზაა იქამდე! - ამბობს ქეთო და ხელებს შლის რამოდენაზეც შეუძლია - ჩემს ძმას, აბოსაც ვეთამაშები ხოლმე ბურთს, მაგრამ ბევრს არ მეთამაშება, არა სცალიან, მამა მწყემსად ატარებს.
ქეთოს ძმა, აბო, თოთხმეტი წლისაა. ბევრი საქმე აქვს. მამას უნდა დაეხმაროს და ზამთრისთვის შეშა მოზიდოს მთებიდან. საქონელი უნდა მწყემსოს და მგლებისგან დაიცვას. გზად საზვავეებს უნდა მოერიდოს. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი ბიჭმა 12 კილომეტრი უნდა იაროს ყოველდღე, მუცოდან შატილის სკოლამდე რომ მივიდეს. იქამდე ხან მესაზღვრეებს მიჰყავთ მანქანით, ხან მამას, ხანაც ფეხით უწევს სიარული. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო