”თვალით არ მინახავს, მაგრამ ისე მძულს ორივე, თითქოს ფიზიკურად ვეხები. ხელში რომ ჩამვარდნოდნენ...” ამქვეყნად ბევრი სიკეთის გარდა ბევრი ცუდიც მინახავს, საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. უამრავ ბოროტს შევხვედრივარ, მანიაკს, მატყუარას, მკვლელს,თაღლითს...
ვინც მე მიცნობს, არ ვარ ავმეხსიერა... პირიქით, რამდენჯერ ჩემთვის ბოდიში მოუხდიათ და ვერც გამიხსენებია რისთვის, სანამ თვითონ არ მეტყოდნენ...
მაგრამ არის ერთადერთი ეპიზოდი ჩემ ცხოვრებაში, სადაც კონკრეტული ადამიანების საქციელმა იმხელა სიძულვილი გააჩინა ჩემში რომ დღემდე იმავე ძალით მომყვება და არც არასდროს გადამივლის.
ბევრი წლის წინ, ყიფშიძეზე, ჩემი ერთ-ერთი ბიჭი, იქნებოდა ასე 5–6 წლის, მეზობელი კორპუსის ეზოდან ბრუნდებოდა სახლში. ნაგვის ბუნკერს რომ მიუახლოვდა, ვიღაც წყვილმა გააჩერა, ასე 30 წელს გადაცილებულები იქნებოდნენ, და ეუბნებიან: ბიჭი, მობილური ჩაგვივარდა ბუნკერში და ჩაგსვამთ და მოგვიძებნეო...
ჩემი კარგად გაზრდილი ბიჭი დაიბნა და სანამ გონს მოვიდოდა რა თხოვეს, სტაცეს ხელი და ჩასვეს ბუნკერში ტელეფონის მოსაძებნად....
ეს ამბავი, როცა ბავშვი სახლში ნაგვის სუნით აქოთებული დაბრუნდა, მაშინ გავიგე.
ცრემლებს ძლივს იკავებდა, ისე მიყვებოდა რაც მოხდა.
სიტყვებით ვერ აღვწერ, რაც მაშინ დამემართა და ვიგრძენი.
მთავარი ისაა, რომ დღესაც იგივეს ვგრძნობ, როცა ეს ამბავი მახსენდება და ახლაც ამას რომ ვწერ, სიბრაზისგან ზუსტად ისე მაკანკალებს, როგორც მაშინ...
ის 30 წელს გადაცილებული მდედრი და მამრი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ნივთის გამო თვითონ რომ ხელი არ დაესვაროს, ბავშვის ნაგვის ბუნკერში ჩასმა, ჩემთვის ყველა მკვლელზე, მანიაკზე და საერთოდ ყველანაირ ავადმყოფურ ბოროტებაზე უარესია... თვალით არ მინახავს, მაგრამ ისე მძულს ორივე, თითქოს ფიზიკურად ვეხები. ხელში რომ ჩამვარდნოდნენ, მოკვლით ალბათ არ მოვკლავდი და არა იმიტომ, რომ შევიბრალებდი, სიკვდილით ყველა ვკვდებით... ნაგვის ბუნკერში ჩავაგდებდი და სახურავს დავკეტავდი. არ დაიხრჩობოდნენ, ბუნკერს ნახვრეტები აქვს, და მერე დილით იპოვიდა ნაგვის მანქანა ცოცხალ ნაგვებს... დღესაც ამას ვიზამ, რომ ვიცოდე, ვინ არიან ან ვინმე თუნდაც სხვა დავინახო, რომელიც იგივეს აკეთებს სხვა ბავშვზე...
აი, ასეთი დაუძლეველი სიძულვილით მძულს ის არსებები, რომლებიც თვალით არ მინახავს და ალბათ ვერც ვნახავ და ამ სიძულვილს ვერ შევადარებ ვერაფერს რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე მინახავს და განმიცდია.
არ ვიცი, რამდენად გასაგებად გადმოგეცით ის, რისი თქმაც მინდა ან საერთოდ რატომ მომინდა დღეს ამის დაწერა... ალბათ ამ საერთო სიძულვილის და აგრესიის ფონზე უბრალოდ მომინდა თქვენთვის მეთქვა, მე რა მძულს და როგორ მძულს...
ირინა სარიშვილი