როდესაც მშობიარობის შემდეგ დედას ახალშობილი უკვდებოდა, არც აგებინებდა, ისე უცვლიდა მკვდარ ბავშვს მშობლებისგან მიტოვებული ბავშვით... ოჯახი - ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. გადავწყვიტეთ მოგითხროთ ბავშვებზე, რომელთაც სწორედ ეს მნიშვნელოვანი არ გააჩნიათ. მოდით ყოველთვის დავეხმაროთ ასეთ ძლიერ პატარა ადამიანებს.
პირველი კურსი, ზამთარი. როგორც აქტივისტს, მთხოვეს ბავშვთა სახლში თოვლის ბაბუის როლი შემესრულებინა. ვისწავლე რამდენიმე ლექსი და თამაში, ჩავიცვი კოსტიუმი, მივიკარი წვერი და თითქოს მზად ვიყავი. როდესაც მივედი, ბავშვებმა დაიწყეს ყვირილი, რომ არ ვიყავი ნამდვილი თოვლის ბაბუა. როდესაც საჩუქრების დრო დადგა, თითოეული ბავშვი მოდიოდა, ამბობდა ლექსს და ყურში ჩამჩურჩულებდა შემდეგი წლის სურვილს: დედისა და მამის პოვნა უნდოდათ. ყველა ბავშვი ერთსა და იმავეს ნატრობდა. ზეიმის შემდეგ უხმოდ ვიდექი და ვტიროდი. ამის მერე ხშირად დავდიოდი ბავშვებთან. მათ ბევრი რამ მასწავლეს. არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა. დერეფანში ვიჯექი. უცებ გამოჩნდა პატარა ბიჭი ქალთან ერთად, დედას ჰგავდა, რომელიც ბავშვის სანახავად მოვიდა და საჩუქრად მოუტანა: როლტონის მაკარონის ყუთი. ბიჭი ანათებდა ბედნიერებისაგან - მასთან ხომ დედა მოვიდა. ზოგიერთს კი აიფონის ფერი არ მოსწონს და ამის გამო შეიძლება ერთი ამბავი ატეხოს.
* * *
მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა დავობლდით და 5 წლამდე ბავშვთა სახლში ვცხოვრობდით. შემდეგ სხვადასხვა ოჯახმა გვიშვილა. ბევრი რამ არ მახსოვს ჩემს ძმაზე, მაგრამ ჩვენი ბოლო დღე დეტალებში მახსოვს: დავიმალეთ უზარმაზარ სათამაშოების ყუთში. თვალზე ცრემლით და ღიმილით ვუყვებოდით ერთმანეთს, თუ ვინ გამოვიდოდით, როცა გავიზრდებოდით. პირობა დავდეთ, რომ მოვძებნიდით და არ დავკარგავდით ერთმანეთს.
გავიდა წლები. ბავშვთა სახლებში არ იძლევიან ინფორმაციას გაშვილებულთა შესახებ (არ აქვთ უფლება), მარტო კი ვერ მოვძებნი. სკოლას ვამთავრებ და სწავლას ვაგრძელებ საზღვაო ბიოლოგის ფაკულტეტზე იმიტომ, რომ როდესაც სათამაშოების ყუთში ვიჯექით, სწორედ ეს პროფესია დავასახელე. მჯერა, რომ თუ მოვიწყობ ცხოვრებას, როგორც მაშინ ვგეგმავდი, აუცილებლად შევხვდები ძმას. მეტი არაფერი მინდა ამ ცხოვრებაში - ოღონდ ვიპოვო ჩემი ძმა.
* * *
ბავშვთა სახლი. დერეფანში მივდივარ და საძინებლებში ვიხედები. ჯერ კიდევ ყველას სძინავს. ჩემი სამუშაო დღის ბოლო მშვიდი წუთებია. შევდივარ საძინებელში, ვრთავ დაბალ განათებას. ვწევ ფარდებს. ბიჭებმა გაბურძგნული თავები წამოყვეს. ერთ-ერთ საძინებელში პატარა ბიჭუნა ცალი ხელით ასწორებს საწოლს. ერთმანეთის მისამართით უკმაყოფილო შეძახილები ისმის დერეფნიდან. ერთი ბავშვი გამოდის საძინებლიდან და უნებლიეთ მეჯახება: - დილა მშვიდობისა, დე....
* * *
ბავშვთა სახლში ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების წაღებაში ვეხმარებოდი ახლობლებს. მძღოლის როლში ვიყავი. სიტყვით ვერ გადმოვცემ ბავშვების ემოციებს. ვეთამაშებოდი, ხან გოლიათი ვიყავი, ხან კიდევ სხვა გმირი. უკან დაბრუნება ყველაზე რთული იყო. ძალიან მძიმე წუთები იყო განშორებისა. მთელი საღამო ამხელა კაცი ბავშვივით ვტიროდი. გადავწყვიტე, ყოველთვის დავეხმარო პატარებს, რითიც შემეძლება.
* * *
ერთი ნაცნობი მყავდა, პენსიამდე მუშაობდა ლატვიის სამშობიარო სახლში. ჰყვებოდა, რომ ბევრჯერ ჰქონია შემთხვევა, როდესაც მშობიარობის შემდეგ დედას ახალშობილი უკვდებოდა, არც აგებინებდა, ისე უცვლიდა მკვდარ ბავშვს მშობლებისგან მიტოვებული ბავშვით. 42 წლის განმავლობაში - 1963-დან 2005 წლამდე ბავშვთა სახლისგან გადაარჩინა 282 ახალშობილი. კითხვაზე, ნანობს თუ არა თავის საქციელს, რომ კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა - ასეთი პასუხი მივიღე: "ვნანობ, რომ ცოტას გაკეთება შევძელი”.
მე ერთ-ერთი ვარ ამ სიიდან.
* * *
ეს ისტორია ესპანეთის საელჩოს თანამშრომლისგან მოვისმინე. შეძლებული ოჯახი იყო, რომელთაც არ ჰყავდათ შვილიშვილები. მათი ბიჭი და გოგო არ ჩქარობდნენ დაოჯახებას. ერთხელ ტელევიზიით უყურებდნენ გადაცემას, სადაც ყვებოდნენ უპატრონო ბავშვის ისტორიას. უცებ გაიგეს, რომ ერთი ბიჭი მათი მოგვარე იყო. გადაწყვიტეს, ეშვილათ... ახლა ბედნიერად ცხოვრობენ.
* * *
ჩემი მეგობარი ბარმენად მუშაობს ერთ-ერთ ცნობილ დაწესებულებაში. იქ ფეისკონტროლი მოქმედებს და ბავშვებთან ერთად შესვლა არ შეიძლება. გუშინ მომიყვა, რომ ცვლის დამთავრებამდე ბარში შემოვიდა 6 წლის გოგონა, რომელმაც საპირფარეშოში შესვლა მოითხოვა. ნება დართეს შემოსულიყო, მაგრამ უცებ ბავშვების მთელი "არმია" შემოჰყვა ფეხდაფეხ. აღმოჩნდა, რომ ბავშვთა სახლიდან ექსკურსიაზე იყვნენ. ჩემმა მეგობარმა უფასო გაზიან სასმელზე დაპატიჟა მთელი ჯგუფი... აღმზრდელმა შოკოლადის ფილა მიუტანა მადლობის ნიშნად.
* * *
სადგურზე 12 წლამდე ბიჭი შემხვდა, რომელიც გამოპარული იყო ბავშთა სახლიდან და მათხოვრობდა. დავაპურე, მოვბანე ხელ-პირი. ბიჭი ძალიან ყოჩაღი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ვერ დავაბრუნებდი ბავშვთა სახლში. მოველაპარაკე დასვენების დღეებში მივაკითხავდი და ერთად გავატარებდით შაბათ-კვირას. შემდეგ ერთი კვირით რჩებოდა ჩემთან. ახლობლები და ნათესავები მაკრიტიკებდნენ. ბიჭთან ხშირად მოგვდიოდა უთანხმოებები: "შენ არა ხარ მამაჩემი!" როდესაც პასპორტის აღების დრო მოვიდა, მან ჩემი გვარი აიღო. მე კარგი ბიჭი აღვზარდე.
* * *
დახმარებას ვაგროვებდი ბავშვთა სახლისთვის. ჩავედი სათამაშოებით, ტანსაცმლით, ტკბილეულით. დიდხანს ვითამაშეთ. როდესაც წასვლის დრო მოვიდა, მომიახლოვდა 12 წლის გოგო და მითხრა: "ძალიან გამიხარდა, ჩვენთან რომ ჩამოხვედით. მიყვარს, როდესაც მოდიან ჩვენთან საურთიერთოდ და არა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად".