მთაში ქალის შრომა ბევრად მძიმეა, ვიდრე ბარში „თაია სულ მარტოს მეყოლა ბახაოში. ჩემი ქმარიც არ იყო მაშინ სახლში, ხიდს აკეთებდა სხვა სოფელში. მახსოვს, იმ ღამეს მოთოვა და მთა ჩაიკეტა. ექიმთანაც ვერ მივედი. არც მანამდე მიმიღია არანაირი კონსულტაცია“, – 47 წლის მარინე დაიაური მშობიარობის ამბავს იხსენებს. თაია ახლა 16 წლისაა, თუმცა პირიქითა ხევსურეთში, მუცო–არდოტის ხეობაში თითქმის არაფერი შეცვლილა: ისევ არ არის შუქი, არ არის ტელეფონი, არ არის ექიმი, აღარ არის დაწყებითი სკოლა, არდოტს იქით სოფლებამდე სამანქანო გზაც აღარ მიდის.
არდოტი ზღვის დონიდან 1820 მეტრზეა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში მუდმივად 3 ადამიანი ცხოვრობს, სამივე მამაკაცი.
მარინე დაიაური ბოლო ქალია, რომელიც სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად, 2010 წლის სექტემბრამდე მუდმივად არდოტში ცხოვრობდა. მეშვიდე წელია პირიქითა ხევსურეთში ზაფხულობით ბრუნდება, როცა სკოლებში არდადეგებია და ბავშვები არ სწავლობენ. მისი მეუღლე ნიკო არდოტელი კი მუდმივად მთაში ცხოვრობს.
მთაში ქალის შრომა ბევრად მძიმეა, ვიდრე ბარში.
„უფროს ბიჭზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, 12 ძროხა მყავდა მოსაწველი. საქონელში დავდიოდი, მაღლა, სულ მაღლა, ბახაოდან გადმოვრეკავდი საქონელს, მთის წვერზე ავდიოდი. 23 მაისს მეყოლა უკვე გიორგი და 15 მაისს იმხელა მუცლით საქონელს ვმწყემსავდი. 22 მაისს გამოიძახა ჩემმა მეუღლემ ვერტმფრენი. მანამდე ერთხელაც არ ვყოფილვარ ექიმთან.
უშუქობის გამო ხელით ვრეცხავ. ხანდახან დღეში 10 ხელი თეთრეული გამირეცხავს, როცა სტუმრები გვყავს. ოჯახში 5 ადამიანი ვართ, ტანსაცმელს ხომ უნდა თითქმის ყოველდღე დარეცხვა. მძიმე შრომაა ძალიან. მიჭირს, ძალიან მიჭირს, წლებია ასე გრძელდება, ბავშვობა, ახალგაზრდობა, ქალობა. იხილეთ სრულად