" ეს არ არის უბრალოდ გადახტომა-გადმოხტომა, ჩამითრია, ასე ვთქვათ... " თბილისის ზღვაზე 3 ივლისს დაღუპული ახალგზარდა 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილი იყო. მოზარდი ჟურნალისტის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის უფროსი ვაჟი გახლდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ზღვაში გადახტომისას თავის ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ, გონება დაკარგა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. მისმა თანმხლებმა პირებმა 112-ში დარეკეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო - მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ცოტნე ბავშვობიდან აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. თამაშობდა კალათბურთს და გატაცებული იყო პარკურით. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ცოტნე ცქიტიშვილმა ჩამოაყალიბა პარკურის კლუბი "დელტა" და ჯგუფის წევრები - ტრეისერები პარკურის ილეთებს თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე ამუშავებდნენ.
რამდენიმე კვირის წინ "რადიო თავისუფლებამ" პარკურის ქართველ მიმდევრებზე სიუჟეტი მოამზადა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ცოტნე ცქიტიშვილი იყო. მან ისაუბრა, როგორ დაინტერესდა პარკურით:
"როცა პირველად ვცადე რამდენიმე ილეთის გაკეთება, შევატყვე ჩემ თავს კარგად გამომივიდა, თან ვგრძნობდი სიამოვნებას, თან იყო შიშის და აღტაცების გრძნობა. ეს არ არის უბრალოდ გადახტომა-გადმოხტომა, ჩამითრია, ასე ვთქვათ... პარკური ფსიქო-ფიზიკურ ამაღლებაზეა მითითებული, შიშის და ფობიების გადალახვაზე და შექმნილია იმისთვის, რომ შეგამზადოს ისეთი სიტუაციებისთვის, რომელშიც შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდე", - ყვებოდა სიუჟეტში მისი გატაცების შესახებ ცოტნე ცქიტიშვილი.
იქამდე სანამ პარკური გაიტაცებდა, ცოტნე კალათბურთს თამაშობდა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრი იყო. განაგრძეთ კითხვა