როგორ დავეხმაროთ ბიჭს გაიზარდოს ძლიერი და კეთილი? რა შეცდომებს უშვებენ მშობლები? როგორ დავეხმაროთ ბიჭს გაიზარდოს ძლიერი და კეთილი? რა შეცდომებს უშვებენ მშობლები? უნდა ვასწავლოთ თუ არა ჩხუბი? სამი ბიჭის მამა, მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, ბავშვთა საბრძოლო ხელოვნების სკოლის დამაარსებელი მაკს დედიკი მოგვიყვება ბიჭების აღზრდის თავისებურებების შესახებ.
1. ნუ ეცდებით აჯობოთ საკუთარ შვილს
ბიჭის აღზრდა საბავშვო მოედნიდან იწყება. სამწუხაროდ, მშობელთა უმრავლესობა "აფერხებს" ბავშვებს მაშინ, როდესაც მათ ურთიერთობის გარკვევა სურთ თანატოლებთან. ბიჭისთვის ზოგჯერ ჩხუბი "სასარგებლოცაა". ამ გზით ის შეიცნობს სამყაროს და საკუთარ თავსაც.
ერთხელ ჩვენთან კლუბში მამამ მოიყვანა შვილი მეცადინეობაზე, სადაც სამბისტები ვარჯიშობდნენ კარატისტებთან. ეტყობოდა, რომ მამა სამბოს დიდი მოყვარული იყო. კარატისტი ხშირად აგდებდა ბიჭს... მთელი მეცადინეობის განმავლობაში მამა ბოლო ხმაზე უყვიროდა ბიჭს, ის კი ტიროდა.
ასეთ მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ მკაცრი მოქცევა ძლიერ პიროვნებას გააბოროტებს, ხოლო სუსტს - უფრო მეტად მოტეხავს. თუ ბავშვმა წააგო, პირველ რიგში უნდა აჩვენო, რომ ისევ ისე გიყვარს და არაფერი შეცვლილა თქვენს ურთიერთობაში მისი წაგებით. ამის შემდეგ მიეცემა მას ძალა. ბავშვები სწავლობენ საკუთარ მაგალითზე. თუ თქვენ რაიმე გაღიზიანებთ თქვენი ბავშვის ქცევაში, ე.ი. ეს თქვენგან გადაიღო. ამიტომ ცვლილებები დაიწყეთ საკუთარი თავიდან!
2. ისწავლე ის, რაც მუშაობს რეალურ ცხოვრებაში
ასწავლო ბიჭს ჩხუბი, აუცილებელია. რაც არ უნდა ასწავლო ბავშვს, რომ ირგვლივ ყველა კეთილი და კარგია - ის დაინახავს, რომ ასე არ არის. ეს მოხდება მაშინვე, როდესაც ბავშვი დაიწყებს სიარულს ბაღში და შემდეგ - სკოლაში. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს. მაგრამ ნებისმიერმა ბიჭმა უნდა იცოდეს საკუთარი თავის დაცვა. მაშინ ის თავის თავში დარწმუნებული იქნება, უფრო მეტს მიაღწევს ცხოვრებაში. ყველა ბავშვს იგივეს ვასწავლი, რასაც ჩემს შვილს. შვილს კი არ ვასწავლი ისეთ ილეთებს, რასაც ვერ გამოიყენებს რეალურ ცხოვრებაში.
3. მთავარია იმის გაგება, თუ რა სიტუაციაშია ბავშვი
ასეთი შემთხვევა მქონდა: ქალმა მომიყვანა ბიჭუნა და მითხრა: "ამეცადინეთ, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება".
ერთხელ ბავშვი ვარჯიშზე სახედაკაწრული მოვიდა. აღმოჩნდა, რომ კლასში ყველაზე პატარა იყო. ვიოლინოს შემსწავლელ კურსზე დადიოდა, რის გამოც სკოლაში გამუდმებით დასცინოდნენ და სცემდნენ. როდესაც უკანასკნელად მოხდა იგივე, მან შეეცადა ვარჯიშზე ნასწავლი ილეთის გამოყენება. მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა, პირიქით, უფრო მეტად გააბრაზა მოწინააღმდეგე. მაშინ მე განსაკუთრებული და გამორჩეული გაკვეთილი ჩავუტარე. შევქმენი ჩხუბის ინსცენირება - მაქსიმალურად მიახლოებული რეალობასთან. ვაჩვენე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და რა ილეთები უნდა გამოეყენებინა. ვაიძულე შეეგრძნო შიში და ემოქმედა დამაჯერებლად. მეც ხომ ოდესღაც ვიყავი მისი ტოლი და მახსოვს რასაც ვგრძნობდი. როდესაც 8 წლის გავხდი, ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა.
იქ ისეთი სასტიკი სოციუმი დამხვდა, რომ იძულებული ვიყავი მესწავლა ორთაბრძოლა.
ბიჭი მოვიდა მეორე მეცადინეობაზე და მითხრა: "გამომივიდა!" მას შემდეგ სკოლაში ისეთი რეპუტაცია ჰქონდა, რომ მშვიდად შეეძლო გაეგრძელებინა ვიოლინოზე სიარული. მე მივეცი სწორედ ის, რის გამოც მოვიდა ის ჩემთან. ეს კი ჩემს დამსახურებად მიმაჩნია.
4. სწორი მასწავლებლის შერჩევა
როდესაც დედა უყვირის ბიჭს: "შენ ხომ ბიჭი ხარ, რა გატირებს!", მე ეს არ მომწონს. დედის ამოცანაა რთულ სიტუაციაში ჩაეხუტოს და მოეფეროს ბავშვს, ხოლო ბიჭი უნდა აღზარდოს მამამ. თუ მამას არ აქვს გამოცდილება საბრძოლო ხელოვნებაში, ან დედა ზრდის ბავშვს მარტო, მაშინ საჭიროა შესაფერისი პედაგოგის მოძებნა.
როგორ შევარჩიოთ?
პირველ რიგში ის უნდა იყოს თავისი საქმის ოსტატი. საბრძოლო ხელოვნება - პრაქტიკაა. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს "მეომრის" თვისებები. ამასთან ის უნდა იყოს მშვიდი და გაწონასწორებული - ეს აუცილებელი პირობაა. დააკვირდით თქვენს მწვრთნელს, აქვს თუ არა ყველა ეს თვისება. გახსოვდეთ: ბავშვი "ისრუტავს" მისი ხასითის ყველა ნიუანსს.
5. დაკავებული ვარ - ნუ მაცდენ!
თანამედროვე ბავშვებს მშობლების ყურადღება აკლიათ. განსაკუთრებით მათ, ვინც დღე და ღამე "პლანშეტს" ჩაჰყურებს. ისინი გამოდიან ვირტუალური სამყაროდან და საერთოდ ვერ იგებენ, სად მოხვდნენ. რთულია ასეთი ბავშვები რაიმეთი დააინტერესო, რადგან ისინი ფიქრობენ: "როდისღა ვითამაშებ პლანშეტით?.." ვარჯიშის დროს მკაცრი დისციპლინა მაქვს. გაკვეთილზე არავინ არ ლაპარაკობს. მთავარია გამოიმუშაო ჩვევა: როცა დაკავებულია საქმით -არ გადაერთოს სხვა რამეზე. ვარჯიშის დაწყება 4 წლის ასაკიდან არის დაშვებული. მე სამი ბიჭი მყავს: უფროსი უკვე დიდია, შუათანა 8 წლისაა, უმცროსი - 3 წლისაა და ვხვდები, რომ ჯერ ვარჯიშისთვის მზად არ არის. არც ვჩქარობ, როდესაც მზად იქნება, მაშინ დავიწყებ.
6. გახდი არა მარტო ძლიერი, არამედ კეთილიც
მინდა, რომ ბავშვები არა მარტო ძლიერები, არამედ კეთილები იყვნენ. მინდა დავეხმარო საკუთარი თავის შეცნობაში, გაიზარდონ საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებად. კარატე ავითარებს ამ თვისებებს. ჩემთვის კარატე პირველ რიგში ტრადიციაა, რომელიც გულისხმობს მოწინააღმდეგის პატივისცემას, შერიგებას და ამავდროულად მზადყოფნას ბოლომდე იბრძოლო და არასოდეს დანებდე.