ფეხმძიმე ჩინელები სხვა ქვეყნებში დადიან სქესის დასადგენად ჩინეთში სახელმწიფო დონეზე აკრძალეს მომავალი ბავშვის სქესის გაგება. მიზეზი მარტივია - მეტისმეტად გავრცელდა გოგონებზე აბორტის კეთების პრაქტიკა. ჩინეთის სამხრეთით, გუანდუნის პროვინციაში უკვე ორი ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც ორსულებს არალეგალურად ეხმარებოდნენ სქესის დადგენაში. ხანდაზმული და-ძმა პროვინციის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაარებოდა, პატარა მინივენით, რომელსაც დაბურული შუშები ჰქონდა და სწორედ ამ მანქანაში იყო დაყენებული ექოსკოპიის აპარატი. მომავალი დედები პროცედურაში დაახლოებით 44 დოლარს იხდიდნენ. თითქმის 17 წელი გრძელდებოდა ეს არალეგალური პრაქტიკა.
სახელმწიფო პოლიტიკის გამო, რომელიც გასული წლის ბოლომდე არსებობდა და გულისხმობდა "ერთ ბავშვს ერთ ოჯახში", ჩინელი მშობლების უმრავლესობა ამჯობინებდა, რომ ის ერთი "ნებადართული" ბავშვი ბიჭი ყოფილიყო და არა გოგო. ამიტომ თუ შეიტყობდნენ, რომ გოგონა ჰყავდათ მუცელში, ორსულები მასობრივად იკეთებდნენ აბორტს. ამან იმ შედეგამდე მიიყვანათ, რომ ოფიციალური მონაცემებით 2016 წელს ჩინეთში მამაკაცების რაოდენობა 30 მილიონით მეტი იყო ქალების რაოდენობაზე. დემოგრაფები ამ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებენ და იმაზეც კი ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნებიდან შეიყვანონ მასობრივად ქალები ჩინეთში.
ამ შერჩევითი აბორტების პრაქტიკასთან საბრძოლველად, მთავრობამ სულაც აუკრძალა ექიმებს მომავალი მშობლებისთვის ბავშვის სქესის გამხელა. მაგრამ ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ მიუხედავად იმისა, ჩინელებს უკვე ნება დართეს, ორი შვილი ჰყავდეთ, მაინც ცდილობენ ამ აკრძალვისთვის თავის არიდებას და სქესის წინასწარ გაგებას.