13 წლის თაკო ფერაძე - ბულგარეთში გასტროლებზე მიმავალი გოგონა ავარიას ემსხვერპლა 13 წლის თაკო ფერაძე - ბულგარეთში გასტროლებზე მიმავალი მომღერალი გოგონა ავარიას ემსხვერპლა, რიკოთის გზაზე. ზუსტად სამი წლის წინ, 15 ივლისის ღამეს, 16 ივლისი რომ თენდებოდა, ბულგარეთის გასტროლზე მიმავალ ბავშვებით სავსე ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა და დედისერთა თაკოს სიცოცხლე შეიწირა.
აი, როგორ იხსენებდა მაშინ თაკოს მამა პეტრე კვარაცხელია, რომლის ქალიშვილის კლასელიც იყო თაკო და ამ ოჯახთან მას ნათელ-მირონიც აკავშირებდა:
"თაკო ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო თავისი ნიჭიერებით, უბრალოებით, ხასიათით და ბუნებით. ჩემს შვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სამი წლის წინ ჩვენ გაგვიჩნდა მეექვსე შვილი, სოფია და სწორედ თაკომ მონათლა ის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ეკლესიის მრევლია, ის იყო ჩვენი ოჯახის სულიერი ნათესავი.
აქედან გამომდინარე ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, რომელსაც კარგა ხანი ვერ დავივიწყებთ. ჩემი შვილი ძალიან განიცდის ამ ამბავს და არც ვიცი, როდის გადაიტანს და შეეგუება მომხდარს...
ძალიან უცნაური და თავისებური ბავშვი იყო. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ეს არ არის მიწიერი ბავშვი. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ღიმილი და სითბო დაჰყვებოდა ამ პატარას. ყველა დიდი სიხარულით ველოდით ოჯახში მის მოსვლას ხოლმე, მისი ღიმილი იმდენად გადამდები იყო, რომ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყო ადამიანი, მომენტალურად ბედნიერი ხდებოდა მასთან ურთიერთობისას. ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისია, მაგრამ ჩვენთვის ეს ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ თაკოს სულის საოხად ვილოცოთ მთელი ცხოვრება.
ეს ჩვენთვისაც დიდი განსაცდელი იყო, რითაც უფალმა კიდევ ერთხელ ჩაგვახედე საკუთარ სულში და ბევრ რამეზე დაგვაფიქრა".
...ახლაც, 16 ივლისს, მორიგი გასტროლი, მორიგი ავარია და მორიგი მსხვერპლი - ერთ-ერთ მშობელს, სამი შვილის დედას, ფეხი მოკვეთეს, ანსამბლის ოპერატორი და ასევე მშობელი მერაბ ხუჭუა კი გარდაიცვალა და მას ხვალ გადმოასვენებენ საქართველოში...
უცნაური დამთხვევა, ბევრი ტკივილი და ბევრი საფიქრალი მათთვის, ვინც გეგმავს მსგავს ღონისძიებებს და იღებს ესოდენ დიდ პასუხისმგებლობას - ადამიანების სიცოცხლეს...