"ღამის თევად რომ დაგიჯდეთ, შვილებთან საუბრის გარეშე ნუ დაიძინებთ..." სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ წერილს, რომელიც ერთ-ერთი მრავალპროფილური კლინიკის დირექტორს თამარ ბარბაქაძეს ეკუთვნის და გამოხმაურებაა მორიგ ტრაგედიაზე. საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალბატონი მოულოდნელად გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა ობლად.. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, გასახდომი აბები დაულევია, ძალიან სწრაფად დაიკლო წონაში და სამ თვეში გარდაიცვალა... ორგანიზმში ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყო, რომ ვეღარაფერი უშველეს...
ეს წერილი თქვენც დაგაფიქრებთ:
" სიყვარული ბევრ რამეს კურნავს...."
------------
დღის ბოლოს, კიდევ ერთ შეხვედრამდე დარჩენილ დროში, დაქანცული რომ დაჯდები და წერა მოგინდება... მთელი დღე მოუსვენრად ვარ... ბევრი მიზეზია ალბათ, დაძაბული რეჟიმი, სიცხე, გადაღლილობა... მაგრამ არა... ახლა მივხვდი, რა მჭირს... ქვეცნობიერად საშინლად დათრგუნული ვარ სრულიად უცნობი ახალგაზრდა ქალის სიკვდილის გამო... ასე აზრს, ქმედებას, ყველფერს თან დაჰყვება ეს საშინელი განცდა... ჯვარი მწერია და ჯვარი გწერიათ ყველას... არა, წარმოდგენაც არ მინდა, მე რომ რამე მომივიდეს, ჩემს პატარებს რა ეშველებათ... კეთილ ადამიანებს რა დალევს... ახლობლებს, ნათესავებს... მაგრამ დედის მსგავსი, დედის სითბოს სანაცვლო არაფერია, ასე მგონია...
არანაირი გასახდომი საშუალებები... არანაირი წამლები... გადააგდეთ ყველაფერი... შეიყვარეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ... ადამიანები გვიყვარებენ უფრო მეტად ჩვენი აურის, ხასიათის, ბუნების გამო.... მეტი იზრუნეთ შინაგანზე... გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ დაიზარებთ ექიმთან ვიზიტს, 6 თვეში ერთხელ აკონტროლეთ ყველაფერი, თუნდაც არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ ავადმყოფობის... შვილებს ლამაზებზე მეტად, ჯანმრთელები და ცოცხლხები ვჭირდებით...
იმდენად პატარაა დრო, იმდენად ვიწროა ჩვენთვის გამოყოფილი მოედანი, იმდენი საცალფეხო ბილიკია... გიყვარდეთ, გიხაროდეთ და ყველაფერი კარგად იქნება... სიყვარული ბევრ რამეს კურნავს, გაწყენინეს? დაივიწყეთ... ვერ პატიობთ? ნუ გაიხსენებთ მაინც... ეცადეთ, მხოლოდ დადებითი ემოცია გასცეთ და უკან იგივეს თუ ვერ მიიღებთ, ჩათვალეთ, რომ უბრალოდ დროის ბრალია... გაუფრთხილდით ერთმანეთს და საკუთარ თავებს ერთმანეთის გამო... ნუ კრავთ ხელს ადამიანს, რომელსაც უხარიხართ და რომელიც გამოხატავს სითბოს... თუ ვერ უპასუხებთ, გულს მაინც ნუ ატკენთ...
ყოველთვის მოიცალეთ მშობლებისთვის, შვილებისთვის... ღამის თევად რომ დაგიჯდეთ, შვილებთან საუბრის გარეშე ნუ დაიძინებთ...
დიდაქტიკური ტონალობა სდევს ალბათ ამ ტექსტს, მაგრამ ახლა ამ ხასიათზე ვარ... სხვების შვილებს გაუფრთხილდით, ობოლი რაც უნდა დალხენილი იზრდებოდეს, მაინც ობოლია... ნუ დაინანებთ სითბოს, ჩახუტებას და მოფერებას... გამჩენმა უკეთ იცის ალბათ, რა და როგორ, მაგრამ როცა ასე ახალგაზრდები მიდიან, სულ მიჩნდება საშნელი კითხვა.... სადა ხარ, ღმერთო... გიყვარდეთ სიცოცხლე და ყველაფერი, რაც ამ სამყაროში მოგეცათ... დრო ცოტაა..." (ფოტოზე თამარ ბარბაქაძე)
წაიკითხეთ ასევე:
"განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გოგონების მშობლებს" - მარი მალაზონია მოზარდების დიეტის შესახებ