"აი, ასე და ამგვარად მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ, ეზოში, ფარეხის უკან მოწყობილ გამოფენაზე..." ეს პოსტი ინტერნეტმომხმარებელმა დავით გოდერძიშვილმა გააზიარა და ამ პატარა ბავშვების ქველმოქმედებას ეხება:
"დღეს დილით, აბაშიძეზე მივრბივარ მოღუშული, ჩაფიქრებული და სიცხისგან შეღონებული, რაღაც საბანკო გადარიცხვების გასაკეთებლად და ეს ბავშვთა პატარა "ბანდა" გადამიდგა გზაზე:
- ძია, ძია, ჩვენი ნახატების გამოფენა-გაყიდვა გვაქვს და არ გინდათ დაათვალიეროთო?
ჰო, და აი, ასე და ამგვარად მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ, ეზოში, ფარეხის უკან მოწყობილ გამოფენაზე, საცობებით გადაჭედილ, გამონაბოლქვით, სიგნალებით და გინებით სავსე ჩქაროსნული ავტობანიდან, გვირილების მინდორში რომ გადაუხვევ, ძრავს ჩააქრობ, ამ გვირილებში რომ გაგორდები და გულაღმა, მოწმენდილ ცას გახედავ, აი, ეს მომივიდა უცებ, შუა ვაკეში.
სურათზე აღბეჭდილი გამოფენის ორგანიზატორებიდან არავინ მალავდა, რომ შემოსული თანხებით, კატის კნუტისთვის, რომელიც შეშინებული, საგამოფენო დახლის ქვეშ იმალებოდა (სურათზე მხოლოდ მისი კუდი მოსჩანს), "ვისკასი" უნდა შეძენილიყო.
ახლა დავდივარ უცნაური სიხარულით სავსე. მე ბავშვური ფანტაზიით და მონდომებით გამოსახული, ურთიერთსაპირისპიროს ერთობის სიმბოლო მიმშვენებს ოთახს, კატაც "ვისკასით" პირჩატკბარუნებული კრუსუნებს რომელიმე სადარბაზოს კიბის ქვეშ და ალბათ ამ პატარა ცუგრუმელებსაც, დიდი, საგმირო და კეთილშობილური საქმეების კეთებისგან, სიამაყის გრძნობით აღვსილებს სძინავთ, სადღაც აბაშიძის და არაყიშვილის ქუჩების კვეთასთან მიმოფანტულ სახლებში".