პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც ოჯახისგან გარიყულ გოგონას მხარდეჭერა გამოუცხადა ეს პოსტი სოციალურ ქსელში "სოლიდარობის სახლმა" გაავრცელა. პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც ოჯახისგან გარიყულ გოგონას მხარდეჭერა გამოუცხადა. გთავაზობთ ამ პოსტს.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ქალის მშობიარობას დავესწრებოდი, რადგან სუსტი გული მაქვს და მეგონდა, ვერ გავუძლებდი. მაგრამ არ შემეძლო უარი მეთქვა გოგონასთვის, რომელიც ქმარმაც, დედ-მამამ, დამ და ყველამ უარყო. ამ გოგონას ,,დანაშაული" კი იყო ის, რომ ქორწინებით არ შექმნა ოჯახი და დაფეხმძიმდა. როდესაც ეს ამბავი გასკდა, წამოყოყლოჩინდნენ ციციკორები და დაუწყეს გოგონას ლანძღვა და წყევლა... ყველა უკიჟინებდა, გაიკეთე აბორტი, მოიცილე ბავშვი, ხალხი რას იტყვის? მეზობლები გაიგებენ და თავი მოგვეჭრება, როგორ გაბედე? და ასე შემდეგ... მოკლედ, დარჩა საბრალო გოგო ეული ღვთის ანაბარა და ღმერთს შეავედრა შვილის სიცოცხლე. გოგონამ არ დათმო და არ დანებდა. ბოლომდე იბრძოლა შვილის გადასარჩენად. დაუპირისირდა ოჯახს, საზოგადოებას და იმ მამაკაცს, ვინც გულით შეიყვარა, საკუთარი თავი ანდო და მისი სიცოცხლის გაგრძელებას მუცლით ატარებდა! არ გაიკეთა აბორტი, თავშესაფარს შეაფარა თავი და გადაარჩინა შვილი. ეს გოგონა, ჩემი პატარა გმირია! დილის 6 საათიდან მუცელი ატკივდა, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჰერი, ჰერი სამშობიაროსკენ! ამ გოგონას თავი ამაყად ეჭირა და ვერც მიხვდებოდა სხვა, რა სიმძიმილსა და ვარამს ატარებდა გულში. იმ დროს, როდესაც მშობიარეს, ერთი ფეხი სააქაოს, მეორე ფეხი საიქიოს აქვს, მის გვერდით არ იდგა ქმარი, დედა, მამა, და, ძმა, ნათესავი, მეგობარი... როდესაც ექიმ-გენეკოლოგმა გვითხრეს, მოემზადეთ, სამშობიარო ბლოკში უნდა შეხვიდეთო, გოგონამ აწყიანებული თვალებით შემომხედა და ამოიკვნესა: დეეეეეეე, ხომ არ მიმატოვებ?...... როგორ შემეძლო მისი მიტოვება? მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საკუთარ მეზე აღარ უნდა მეფიქრა... დამრთეს ნება, მეც მასთან ერთად ვყოფილიყავი მშობიარობის დროს. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, მეგონა, ვერ გავუძლებდი, მაგრამ... არ მქონდა უფლება გოგონა მიმეტოვებინა... სამშობიარო ტკივილები იმდენად ძლიერი იყო, გოგონა ბოლო ხმაზე კიოდა, დეეეე, ჩამეხუტე, დეეეეე, ხელი მომკიდე, დეეეე, დეეეე,დედიკონაააა მიშველეეეეე.... თითებით თითებში ისე მებღაუჭებოდა, ძვლებს ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა. ის თავის დედას ეძახდა, მივხვდი, მან აპატია დედას წყრომა, რადგანაც თავადაც დედა ხდებოდა... აპატია ყველას, რადგან ახალ სიცოცხლეს ბადებდა და ამ მიტევებით მხოლოდ მისი შვილის ბედნიერებაზე ფიქრობდა იმ მწარე წუთებშიც. პატარას კი ეხვეწებოდა, დამინდე შვილო, დამინდეო... იმ ტკივილის დროს, ჩემში ხედავდა დედას და ეძახდა, ეძახდა, ეძახდა... ლამის ჭკუიდან შევიშალე. ცრემლებს ვმალავდი... მეგონა, მუცელი გამომგლიჯეს, მინდოდა შევზიარებოდი იმ ტკივილებს, რომ მალე დასრულებულიყო ეს წამება. ვფიქრობდი, სადა ხარ გოგონას დედავ, სად? ახლა ხომ შენი შვილის გვერდით უნდა იყოოო, სადა ხარ, სად???? შენც ხომ ქალი ხარ, ქალი?....... და კიდევ, ბავშვის მამავ, რომელსაც კაცობა და ღირსება შარვალში გგონია, სიამაყით დადიხარ ქუჩებში, რადგან ,,ივაჟკაცე" და ერთი სოფლელი, წესიერი გოგონა გამოიყენე და ფეხმძიმეს ზურგი შეაქციე, შვილი უარჰყავი... რა ხარ შენ? ვინ ხარ შენ?... ეს გოგონა კი, ეს გოგონა მეხუტებოდა, ვიდექი გაქვავებული... გოგონამ სიმწრისგან რამდენჯერმე ლამის ხელებზე იკბინა. ეს იყო საშინელი ტანჯვა... და როგორც იქნა, როგორც იქნა დაიბადა... მოგვევლინა პატარა გოგონა. მაშინვე თვალი გაახილა, თითები დაპარჭყა და ომახიანად დაიწყო ტირილი... დედის გულ-მკერდზე გაირინდა და გაეღიმა... სახით მამას ჰგავს!... ღმერთმა ქნას, ბედნიერი იყოს და იმ საზოგადოებასა და სახელმწიფოში გაზრდილიყოს, სადაც სიცოცხლესა და სიყვარულს აფასებენ! მე კი უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ექიმები მილოცავდნენ, გილოცავთ ქალბატონო, შვილიშვილი შეგეძინათო!.............