"არანაირი გაჯეტები და არავითარი უთო!" - ტელეწამყვანი შვილებთან ერთად ისვენებს და საოცარ ფოტოებს უღებს ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა დედა და ვაჟის შემდეგ ქალიშვილი - ლილე შეეძინა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ლილე ძალიან ჰგავს დედას - გვანცას ბავშვობის ფოტოს თუ შევადარებთ, დავრწმუნდებით. თავად გვანცა კი თავის მშვენიერ დედას ჰგავს.
პატარა მალევე მონათლეს - მას ცნობილი ნათლიები ჰყავს (იხილეთ ნათლობის ფოტოები), შემდეგ კი, როგორც კი თბილისში აგრილდა, გვანცამ ტრადიციულად სოფელში, თიანეთში წაიყვანა ბავშვები და თითქმის მთელი ზაფხული იქ გაატარეს.
"როგორც წესი, ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ერთი კვირით მაინც ჩავიდე ჩემს სოფელში - თიანეთში, ამ წუთშიც აქ ვარ. ჩემი შვილი და ძმისშვილები ყირაზე გადადიან, ერთად ყოფნა ძალიან უყვართ, თან გრილა, დიდი ეზო გვაქვს და კარგად ერთობიან. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა შენი შვილიც იმ სახლში ისვენებს, იქ თამაშობს, სადაც შენ ხარ გაზრდილი. პირადად მეც, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს და ბავშვებიც კმაყოფილები არიან.ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვებთან ერთად დასვენება არ გამოდის, მაგრამ პატარასთან ერთად ბათუმში წასვლას, აქ ჩამოსვლა მირჩევნია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სუფთა გარემოა, ნატურალურ პროდუქტებს ვიღებთ, გვაქვს ჩვენი ბოსტანი, დიდი ეზო, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარ გასართობზე თამაშობენ ბავშვები. ბათუმში კი სრულიად სხვანაირ რეჟიმში გიწევს ყოფნა, მაინც სულ დაძაბული ხარ, გეხარჯება ბევრი ფული, გეშლება ნერვები, ხანდახან ცუდი ამინდია და ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. რასაკვირველია, სასურველია, ბავშვმა მთაშიც დაისვენოს და ზღვაზეც, მაგრამ უმეტესი დრო, მაინც სოფელში უნდა გაატაროს, მე ასე გავიზარდე და შეიძლება ამიტომ ვფიქრობ ასე", - ამბობს გვანცა ჩვენი საიტის ერთ-ერთ ინტერვიუში.
სანამ ბავშვებს თბილისში წამოიყვანდა, დედამ შვილებთან ერთად გაატარა დრო და საოცარი ფოტოები გადაუღო. რამდენიმე დღის წინ კი ოჯახმა თიანეთი დატოვა:
"პირველი მოცვლილი კბილი, პირველი ველოსიპედი დამხმარე თვლების გარეშე და პირველი "დას ვფიცავარ". ნამცხვრისთვის გადასასმელი კრემის თითებით ლოკვა და ივრის სრიალა ქვებზე წყალში ჩატყეპება. 2 საუზმე, 2 სადილი და 2 ვახშამი. არანაირი გაჯეტები და არავითარი უთო! კიდევ, 93 წლის ციცო ბებოს და 5 თვის ლილე-გოგოს დამეგობრების ამბავი. მოკლედ, ყველაზე მაგარი ბავშვური მოგონებებიდან მხოლოდ რამდენიმეს გიზიარებთ და თიანეთს მომავალ წლამდე ვემშვიდობებით", - დაწერა გვანცამ ფეისბუქზე.
ამჟამად კი ტელეწამყვანი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ბათუმში იმყოფება.