"ერთ რამეს მივხვდი - სოფლად ბავშვები უფრო ბედნიერები არიან..." - მშობლები

"ერთ რამეს მივხვდი - სოფლად ბავშვები უფრო ბედნიერები არიან..."

2017-08-29 10:49:01+04:00

"რაც გინდა აკლდეთ, მაინც უფრო მდიდრები არიან. ნაკლები საჭმელიც რომ ჰქონდეთ, მაინც უფრო ჯანმრთელები არიან..." ორი საათია ოკეანეში დაკარგულობანას თამაშობენ ჩვენი ბავშვები. ჰამაკზე კატამარანი მოაწყეს, ზეწრით იალქანი გაუკეთეს, ზედ სხედან ოთხნი, უჭირავთ ჯოხები და როგორც ნიჩბებს ისე უსვამენ. ორი საათია ებრძვიან წარმოსახვით ოკეანეს და გამოგონილ გამოწვევებს. რეკვიზიტად აქვთ წყლის ბიდონი და ძველისძველი "ტაშტი". დაღამდა, აგრილდა, აცივდა და ესენი მაინც "ტალღებს ებრძვიან"... ხან შტორმია, ხან ალბატროსი გადაუფრენთ, ხან მიქცევაა და ხან მოქცევა. ვეუბნები, გამოდით, თბილად ჩაიცვით-მეთქი. შეგიძლია მოგვიტანოო? ჩვენ ოკეანეში ვართ დაკარგულები და ხმელეთამდე 1000 კმ. გვაშორებსო...

ერთ რამეს მივხვდი - სოფლად ბავშვები უფრო ბედნიერები არიან. რაც გინდა აკლდეთ, მაინც უფრო მდიდრები არიან. ნაკლები საჭმელიც რომ ჰქონდეთ, მაინც უფრო ჯანმრთელები არიან. გახეული ფეხსაცმლითაც უფრო მოხერხებულად დარბიან. პლანშეტ-კომპიუტერი არ ზომავს მათი ბედნიერების ხარისხს. არც სჭირდებათ ინტერნეტი, იმდენი გასართობი აქვთ სოფლად. არც ფერადი სასრიალოები სჭირდებათ, თივის ზვინიდანაც შეიძლება დაშვება. არც უსაფრთხოებისთვის დარბილული ბატუტი სჭირდებათ, "სეტკიან" საწოლებზეც მშვენივრად ხტუნაობენ. არც ცხელი წყალი სჭირდებათ, წყაროზე შეუშვერენ ფეხებს დასაბანად. არც ჭიქა სჭირდებათ, პეშვით შეხვრიპავენ წყალს გემრიელად. უფრო სწორად, კი სჭირდებათ, მაგრამ ვერ შეატყობ, რომ აკლიათ რამე.

სოფლად უფრო კარგია ბავშვობა - ხალისიანი, მოძრავი, მრავალფეროვანი, საინტერესო, ნატურალური, შთაბეჭდილებებით სავსე.

მეგი კავთუაშვილი

ასევე იხილეთ: "ბავშვმა უმეტესი დრო სოფელში უნდა გაატაროს" - გვანცა დარასელია ბავშვებს ჩვეულებრივ სოფელში ასვენებს