"ახლა კი კარგად მომისმინოს შსს საგანგებო სიტუაციების სამსახური 112-მა!" - პოსტი, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია ჟურნალისტმა თამარ ოქრუაშვილმა მის ოჯახში მომხდარი ამბავი გაასაჯაროა. როგორც გაირკვა, შემთხვევა მის რძალს შეემთხვა და სანამ საკუთარ აზრს დააფიქსირებდა, ქალბატონმა თამარმა სწორედ რძლის - თაკი იმედაშვილის ვრცელი სტატუსი გაუზიარა საზოგადოებას:
თაკი იმედაშვილი:
„112 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მივმართავ - ხალხი ხართ? ვიცი, უაზრობაა ნერვების შლა, მაგრამ უბრალოდ, მინდა, მეგობრებო, იცოდეთ, რომ 112-ის იმედი არ გქონდეთ, თუ გაგიჭირდათ რამე!!
დღეს ჩემი მანქანის სიგნალიზაციამ აურია და ისე მოხდა, რომ ბავშვი (1 წლის) მანქანაში ჩამეკეტა. დაბნეულმა იმ წამსვე 112-ში დავრეკე, მერე ჩემს მეუღლე ლექსოს დავუკავშირდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ 112 მოასწრებდა ლექსოს მოსვლას. თუმცა ამაოდ! ლექსო მალევე მოვარდა, მანქანის შუშა ჩაამტვრია და აკივლებული ბავშვი გამოვიყვანეთ. სანამ დავწყნარდით და დავრწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად არის, გავიდა დახლოებით 25 წუთი 112-ში დარეკვიდან. ამიტომ შევწუხდი, ვიფიქრე, სხვას, ვისაც ასევე უჭირს, საქმე არ გავუფუჭო და ამიტომ გავაუქმე გამოძახება. წარმოიდგინეთ, 112-დან 1 საათში რეკავენ ტექსტით:
- ჩვენი სამსახური არ დადის მსგავს გამოძახებებზე, რადგან მინის ჩატეხვა თურმე თავადაც შემეძლო!!! არადა, პირველი დარეკვიდან 5 წუთში გადავამოწმე და მითხრეს, ჯგუფი გამოსულია უკვეო!“
თამარ ოქრუაშვილი:
"ეს ამბავი გუშინ ჩემს ოჯახში მოხდა - თაკი ჩემი რძალია! ახლა კი კარგად მომისმინოს შსს საგანგებო სიტუაციების სამსახური 112-მა - დავუშვათ, ბავშვის მამა არ ყოფილიყო ადგილზე, ახალგაზრდა დედას რა უნდა ექნა? ის მაინც გვითხარით, მსგავს შემთხვევაში რომ ვერ გამოდიხართ, ანდა რომელი მინა ჩაამტვრიოს მშობელმა, რომ ბავშვი არ დაზიანდეს? საზღვარგარეთ ძაღლი რომ ჩაიკეტოს, ის გამოჰყავს მაშველს და ერთი წლის ბავშვის დახმარება გახდა პრობლემა? შსს გენერალური ინსპექციას მივმართავ, მაინტერესებს, ნამდვილად მშობელმა უნდა ამტვრიოს მინები? და ამ წამს რომ მომივიდა შეტყობინება - 112-ის საფასური ჩამოგეჭრათო, ეს რისი ფასია? ეტყობა, ყველაზე საიმედო 112 ჩემი შვილი ლექსოა და თქვენ რა შუაში ხართ?"