ელენე ხოშტარია გოგი ხოშტარიას მეოთხე შვილია - მამამისი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ზვიად გამსახურდიას დროს ელენე ხოშტარია წარსულში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ევროინტეგრაციის საკითხებში, შემდეგ ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დღეს კი თბილისის მერობის კანდიდატია. გარდა ამისა, ელენე გოგი ხოშტარიას მეოთხე შვილია - მამამისი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ზვიად გამსახურდიას დროს. თავად ელენეც ოთხი შვილის დედაა.
- ელენე, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა? ეს სფერო ხომ გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს ადამიანებს...
- "პოლიტიკა ბინძური საქმეა" ან "პოლიტიკაში ცუდი ადამიანი ხდები", - ეს სტერეოტიპია. "შავი ლაქები" გექნება თუ არა, ეს შენზე, შენს კეთილსინდისიერებასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. თუ ამ სფეროში იმიტომ ხარ, რომ უკეთ იცხოვრო, უკვე ჭუჭყიან საქმეს აკეთებ, მაგრამ თუ რაღაც კონკრეტული იდეა გაქვს და მისი განხორციელებით რაღაცის შეცვლას გეგმავ, მაშინ პოლიტიკოსები კეთროვანები არ არიან. რა თქმა უნდა, არის რთული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, ტვირთიც, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი ცუდი პოლიტიკოსობაში არ არის. მინდა კიდეც, რომ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრეს. თუმცა, მარტო ვერ დავამსხვრევ, მაგრამ მის დამსხვრევას ხელს ნამდვილად არ შევუშლი. მეორე, რის გამოც პოლიტიკაში წავედი, რაც გულწრფელად, ღია წარდგინებაზეც ვთქვი, ის არის, რომ მუდმივად მჭამდა საზოგადოებრივი საკითხების ჭია, წუხილი, ფიქრი, როგორ, რა გაკეთებულიყო. ამისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 9 აპრილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა ვიყავი. 10 წლისამ ძალიან ნათლად დავინახე, როგორ შეიძლება დაიჩაგროს ქვეყანა.
- მგონია, რომ თქვენი საზოგადოებრივი აქტივობა ოჯახმა განსაზღვრა. მამა, გოგი ხოშტარია, პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი რომ არ ყოფილიყო, ამ გზას არ აირჩევდით.
- მამაჩემის მინისტრობამ ჩემი მომავალი ყველაზე ნაკლებად განსაზღვრა. აქ უფრო მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდია, იმ წლებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მამაჩემთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ, ჩემი ახლო მეგობარია, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ჩემი აზრი მისთვის. მამა გამორჩეულად იმიტომ მიყვარს, რომ ყოველთვის პატივისცემით იყო განმსჭვალული ჩემი აზრის მიმართ, არასდროს მიყურებდა როგორც პატარას, მისთვის ყოველთვის პიროვნება ვიყავი და ასე მოვედით აქამდე.
- მისი მინისტრობის პერიოდი როგორ გახსოვთ?
- აბსოლუტურად არ შეცვლილა მაშინ ჩემი ცხოვრება, ისევ ტროლეიბუსით დავდიოდი (მაშინ ეს ტრანსპორტი იყო), რომელიც გადაჭედილი დადიოდა და უკანა კიბეს ვახტებოდი, სკოლაში რომ წავსულიყავი. არანაირი შეგრძნება იმისა, რომ მამაჩემი მინისტრი იყო, არ მქონდა. როდესაც მინისტრი აღარ იყო, მისი დევნა დაიწყო, შევარდნაძის პერიოდში ხშირად აკავებდნენ და უშვებდნენ... თუმცა მანამდე იყო ომის პერიოდი, მერე შიმშილი... კარგად მახსოვს ტალონების, პურის, კვერცხის ფხვნილისა თუ ნავთის რიგში დგომა. მაშინ ჩემი მშობლები წასულები იყვნენ (მამა დევნილი იყო) და მე და ჩემი ძმა თვითონ ვუმკლავდებოდით პრობლემებს. მგონი, იმ პერიოდმა კარგი გავლენა მოახდინა ჩემზე, - ვისწავლე პრობლემებთან გამკლავება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება...
ასევე იხილეთ: ელენე ხოშტარია: "ჩემი ოთხი შვილი შოკია ხოლმე ბევრისთვის!"
- უმაღლესი განათლება მოსკოვში გაქვთ მიღებული (საერთაშორისო ურთიერთობების განხრით), ხომ შეიძლება ოპონენტებმა მომავალში ეს თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და წამოგაძახონ?
- ყველაფერი შეიძლება, თუმცა ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება იყო. მე და მამამ ერთად გადავწყვიტეთ. ვსაუბრობდით, რომ მტერს კარგად უნდა იცნობდე. ის 5 წელი, რაც იქ ვისწავლე, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, მართლაც სრულად შევიგრძენი, თუ როგორ მუშაობს საბჭოთა მანქანა, რომელიც დღესაც საბჭოთაა. რა მენტალიტეტი აქვს იმ ხალხს, მათი იმპერიული ზრახვები. იქ ყოფნამ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება შემძინა. არაკეთილმოსურნეს ყველაფერი შეუძლია თქვას, მაგრამ ჩემზე იმის თქმა, რომ რუსეთის თვალსაზრისით, არამკაფიო პოზიცია მაქვს, გამორიცხულია, თუმცა ვისაც ცუდის თქმა უნდა, ყველაფრის მოფიქრება შეუძლია.
- მამათქვენმა თქვენი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება როგორ შეაფასა?
- მამაჩემისგან სრული მხარდაჭერა მაქვს. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდი, ერთად ვილაპარაკეთ პლუსებზე, მინუსებზე, რისკებზე, ყველაფერზე და მითხრა, ჩემი შვილი ხარ და ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდიო. მისი ასეთი დამოკიდებულება ძალიან მეხმარება და მხარს მიჭერს.
ელენე ხოშტარია ოთხი შვილის დედაა, ჰყავს 13 წლის ვაჟი, 4 წლის გოგონა და ორწლინახევრის ტყუპი ვაჟი. რაც შეეხება დროის განაწილებას სამსახურსა და ოჯახს შორის, არ უჭირს. მიაჩნია, რომ შეუთავსებელი არაფერია... უდიდეს სიამოვნებას ბავშვებთან ერთად ყოფნა ანიჭებს, მათთან საუბარი და თუნდაც თამაში და სულაც არ ჰგონია, რომ 4 შვილის დედობა გმირობის ტოლფასია... მეუღლე არქიტექტორია და მასაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. "კარგი შეგრძნებაა, როდესაც აკეთებ საყვარელ საქმეს და ბრუნდები ოჯახში, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო - საყვარელი ადამიანები და თბილი გარემო. არასდროს ვმდგარვარ ისეთი დილემის წინაშე, რომ მეთქვა - ოჯახი ან სამსახური. - ჩემთვის ორივე ძალზე მნიშვნელოვანია", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც თუ დრო აქვს, სამზარეულოში ყოფნაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს და იქ ექსპერიმენტების ჩატარება ერთგვარ ჰობადაც კი მიაჩნია. როგორც გვითხრა, მეგობრებს მისი ნახელავის გასინჯვა ძალზე სიამოვნებთ. უყვარს მუსიკა და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულება და შემსრულებელი ჰყავს, რომელსაც უსმენს. დროს სპორტსაც უთმობს, ერთი წელია, რაც თხილამურებზე დადგა და კარგად გამოუვიდა... საერთოდ მიაჩნია, რომ რაღაცის სწავლა დაგვიანებული არასდროსაა... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სრულად