საუბარია არა მხოლოდ ჩვეულებრივ, ისე საბავშვო, გასაბერ ბატუტებზეც ბატუტი ბოლო დროს ლამის ყველა გასართობი პარკის აუცილებელი ატრიბუტია, ბატუტით მხტომელებს შორის კი ყველა ასაკის ადამიანს ნახავთ – თვეების ბავშვიდან, 20-წელს აცილებულამდე. თუმცა რამდენად უსაფრთხოა ეს "გასართობი", სხვა საქმეა. ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბატუტზე ხტომის დროს საკმაოდ დიდია ტრავმების რისკი, რომლებიც არაერთხელ ხერხემლის მოტეხილობითაც კი დასრულებულა.
ამერიკაში, ინდიანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა მიუძღვნეს ამ თემას, გადახედეს საგანგაშო სტატისტიკას და მოუწოდეს საზოგადოებას, ნუ ენდობიან ბრმად ბატუტებს, რომლებიც გასართობ პარკებში დგას და მით უმეტეს, სახლის ეზოებში. ბოლო პერიოდში ხომ სახლებშიც გაჩნდა ბატუტები, რომლებზეც უფროსები და უმცროსები ერთნაირად ერთობიან, თუმცა უსაფრთხოების ზომები არ არის სათანადოდ დაცული და თანაც, ყველაფერს ხომ ცოდნა უნდა? ბატუტი კი თვით ამ საქმის პროფესიონალებისთვისაც კი არ არის სრულიად უსაფრთხო სპორტი.
თანაც, საუბარია არა მხოლოდ ჩვეულებრივ, ისე საბავშვო, გასაბერ ბატუტებზეც. ამერიკაში, მხოლოდ 2010 წლის მონაცემებით, დღეში 30 ბავშვი ხვდებოდა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გასაბერ ბატუტებზე ხტომისგან მიღებული ტრავმებით. ასევე იყო ბევრი შემთხვევა, როცა გასაბერი ბატუტი უბრალოდ გადაბრუნდა ქარის ზემოქმედებისგან და ბავშვები ქვეშ მოიყოლა.
სეზონური ატრაქციონებით და ბავშვის მუდმივი სურვილით, რაღაცით გაერთოს, ბევრი ხეირობს, თუმცა მშობელს მაქსიმალური სიფრთხილე მართებს.
მეცნიერებმა მშობლებს მოუწოდეს, ნუ გარისკავენ ბავშვების ჯანმრთელობით და აქტიური დასვენების მრავალი სახეობიდან მაინცდამაინც ბატუტზე ხტომას ნუ აირჩევენ.