მის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა სულ პატარაობიდან უნდა დაიწყოთ ბავშვი უკვე ცდილობს, კოვზი დაიჭიროს ხელში და უთქვენოდ ჭამოს? დართეთ ამის ნება, თავს გაართმევს. მის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა სულ პატარაობიდან უნდა დაიწყოთ.
1. გაცნობა – საჭმელი კიდევ ერთი საკვლევი ობიექტია. პატარას ძალიან უნდა ყველაფრის გასინჯვა. რაც გინდათ, რომ გასინჯოს, მაგიდაზე დაულაგეთ, იოლად მისაწვდომად. გასინჯვის მერე იოლადაც შეჭამს.
2. როცა მხოლოდ წოვას არის მიჩვეული და არა ღეჭვას, თავიდან გაუჭირდება "სადიდო" საკვებზე გადასვლა. მოთმინებით აღიჭურვეთ და ეცადეთ, ამ ეტაპიდან როცა მის რაციონში ფაფეული და წვნიანები შედის, მიაჩვიოთ კოვზით და არა ბოთლით ჭამას. ჭიქით დალევასაც რაც შეიძლება ადრე მიაჩვიეთ, ასე უფრო გაუიოლდება შემდეგში დამოუკიდებლად ჭამა.
3. საჭმელი არა მხოლოდ სასარგებლო, გემრიელიც უნდა იყოს. რაც უნდა პატარა იყოს ბავშვი, მასაც აქვს პირში გემო და იმ წვნიანსა და ფაფასაც კარგი გემო უნდა ჰქონდეს. ცოტა მარილი, ცოტა ნიორი აუცილებლად კარგ გემოს მისცემს საჭმელს.
4. ერთად დასხედით სუფრასთან. ბავშვმა თქვენგან უნდა აიღოს მაგალითი, მიეჩვიოს თავიდანვე აკურატულად და სწორად ჭამას.
5. ცუდად ჭამს? გარდა გემრიელისა, საჭმელი ლამაზ ჭურჭელშიც უნდა იდოს. შეიძლება, მათზე საბავშვო ნახატები იყოს. საყვარელ გმირებთან თუ გამოსახულებებთან ერთად გაცილებით მეტი ენთუზიაზმით შეჭამს.
6. ავითვისოთ ტექნიკა – როცა ბავშვს ფაფას აძლევთ, კოვზი ჰორიზონტალურად უნდა გეჭიროთ. ასეთი ვარჯიშები მაშინ გამოადგება, როცა თავად დაიწყებს ჭამას. არც არაფერი დაეღვრება. თანაც ეს კარგად აისახება მომავალში სიტყვების წარმოთქმასა და მეტყველებაზე.
7. ბავშვს ცალკე თეფში და კოვზი მიეცით, თქვენთვის ცალკე დაიდგით. ერთიდან თვითონ შეჭამს, მეორედან თქვენ აჭამეთ. ბავშვი თავისით ჯერ ვერ იღებს ფაფას? დაეხმარეთ. მალე ნამდვილი პროფესიონალი გახდება.
8. თავიდან ყველაფერს დაყრის, დაღვრის, ფაფას თითებით გადაგლისავს მაგიდაზე. არ აუკრძალოთ და მოითმინეთ! სხვანაირად ბავშვს დამოუკიდებლად ჭამის სურვილი გაუქრება. დროთა განმავლობაში კარგ მანერებს აითვისებს, ჯერ კი უბრალოდ შეისწავლის, რისგან შედგება წვნიანი. აუცილებელია, სამზარეულოში კვებოთ, სადაც უფრო იოლია დალაგება. ასწავლეთ ხელსახოცის ხმარება და აკურატულობა. გაუკეთეთ წინსაფარი.
9. ხელითაც შეიძლება – რაღაც ეტაპზე მოსწონს, ხელით ჩაიდოს საჭმელი პირში. არც ეს არის ცუდი ჩვევა. კარგი ვარჯიშია ღეჭვის ტექნიკის ასათვისებლად. შესთავაზეთ ხილის ნაჭრები, ორცხობილა. თავიდან მხოლოდ გალოღნის, მერე კი მიხვდება, რომ ღეჭვაა საჭირო.
10. ყველა ერთად – ოჯახური სადილი საუკეთესო სტიმულია დამოუკიდებლობისკენ. დედ-მამის დაკვირვებისას ბავშვი უფრო სწრაფად სწავლობს დიდურად ჭამას. ნუ ააჩქარებთ. დაელოდეთ, დანაყრდეს. თუ რაღაც დარჩა თეფშზე, ნუ დააძალებთ – ბავშვმა იმდენი მიირთვა, რამდენიც მას სჭირდება.