"ნიჭიერის“ კონკურსანტის სევდიანი ისტორია, რომლის ცხოვრება ავარიამ შეცვალა
ჩვენი ცხოვრება დაბადებისთანავე გადაწყვეტილია, რა გველის მომავალში ამის წინასწარ განსაზღვრა ადამიანებს არ შეგვიძლია. არავინ არის დაზღვეული შემთხვევითობისგან, რომელსაც ხანდახან ჩვენი სიცოცხლეც კი ეწირება.
პარამოცეკვავე, სალომე გოგეშვილის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა, ახალგაზრდა დედა სამი წლის წინ, ავარიაში მოხვდა და ხელი დაკარგა. იყო დეპრესია, გაუსაძლისი ტკივილები, სუიციდის მცდელობა, თუმცა, საკუთარ თავში იპოვა ძალა, ცხოვრება ცალი ხელით გაეგრძელებინა და საკუთარ თავში ისეთი შესაძლებლობები აღმოაჩინა, რომელსაც მანამდე ვერც კი ამჩნევდა.
სალომე ახლა პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილეა, უნდა რომ თავისი მეორე დაბადების შესახებ მთელმა საქართველომ გაიგოს და ადამიანებს სტიმული მისცეს.
- რთული, სევდიანი და მტკივნეული ისტორია მაქვს, ჩემი ცხოვრება 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავარიის შემდეგ ორად გაიყო. მანამდე ჩვეულებრივი დიასახლისი ვიყავი, რომელიც ორ შვილს ზრდიდა და მუშაობდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოხდა შეჯახება და დავკარგე მარჯვენა ხელი.
ავარიის დროს, ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მხოლოდ კადრები მიტრიალებდა ჩემი ცხოვრებიდან. მივხვდი, ვერაფერი მოვასწარი, ღირებული არაფერი შემიქმნია. ღმერთს მადლობას ვწირავ, ორი შვილის დედა ვარ, ეს რომ გავაცნობიერე, გადარჩენას ვითხოვდი, მივხვდი სიკვდილის უფლება არ მქონდა. ვითიშებოდი, სისხლისგან ვიცლებოდი, სიკვდილთან ბრძოლის ძალა არ მქონდა... მერე საავადმყოფოში მიმიყვანეს, მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა: ამპუტაცია... ვერ ვხვდებოდი, რის ამპუტაციას მიკეთებდნენ, ხელებს ვგრძნობდი, ფეხებსაც ვამოძრავებდი...
დილით როცა გავიღვიძე და მარჯვენა მხარეს გადავბრუნდი, მივხვდი... ვიკითხე, ხელი აღარ მაქვს-მეთქი?! რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი, დამამშვიდებელი გამიკეთეს და პალატაში მოვედი გონს. დეტალურად გამახსენდა ყველა წუთი, მივხვდი ბედნიერი ადამიანი ვარ, გამიმართლა, რადგან ცოცხალი ვარ. ხომ შეიძლებოდა საერთოდ არ გამღვიძებოდა? უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩემს სანახავად, უდიდეს სითბოს ვიღებდი, სწორედ ამან მომცა ძალა მე ძლიერი ადამიანი გავმხდარიყავი.
ღმერთმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა და ღირსეულად უნდა მეცხოვრა. ჩემი „ნაკლი“ ღირსებად უნდა მექცია. ჩემი სიმახინჯით (მაშინ სიმახინჯეს ვეძახდი), ამით უნდა მეცხოვრა. თუმცა, არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო.
- როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება?
- საავადმყოფოდან გამოწერის მერე მარტო დავრჩი საკუთარ თავთან, მოვიხსენი ხელზე მოფარებული რაც მქონდა... სარკეში ვუყურებდი ჩემს ხელს და ვეუბნებოდი, სალომე როგორ უნდა იცხოვრო ამით? მერე მივხვდი, არ მინდოდა ვყოფილიყავი სუსტი გოგო, რომელიც მანამდე 32 წელი ვიყავი, ამიტომ თავიდან დავიწყე.