"დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიჰყავდა სახლში, პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა, იქ უკეთ უვლიანო..." სოციალურ ქსელში ვრცელდება მძიმე ვიდეო, რომელსაც კადრების ავტორი ტექსტსა და ფოტოებს ურთავს. პოსტის ავტორის თქმით, მოზარდი თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა და დედას სახლში წაყვანას სთხოვს:
"დღეს დილით ბავში მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე თბილისი ცენტრალის ტეტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას, თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა თუ არ ვცდები. არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიჰყავდა სახლში, პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა, იქ უკეთ უვლიანო, აქ ხალხს ხედავს, გასდის ასეთი საქციელიო, სახლში რომ მივიყვანო, დამილეწავს ყველაფერსო.
ძალიან მომეშალა ნერვი და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქვავო..." - წერს ინტერნეტ მომხმარებელი.
ვითარებაში გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროს ეთერ ცხაკაიას ვესაუბრეთ:
- ბავშვის ოჯახი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო პროცესში და 2017 წელს დაეხმარა მშობლებს დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. შემდეგ, სამტრედიის რაიონულმა განყოფილებამ მიმართა განათლების სამინისტროს მულტიგუნდს ბავშვის მდგომარეობის შესწავლისათვის. შ. შეფასდა და გამოიკვეთა, რომ სჭირდებოდა ინკლუზიური სწავლება. მულტიგუნდის დასკვნის საფუძველზე, შ. ჩაირიცხა გლდანში მდებარე მე-200 სკოლა-პანსიონში, რომელსაც განათლების სამინისტრო კურირებს. მოზარდი ამ დრომდე აქ გადის ინკლუზიურ სწავლებას. მუდმივად ვართ ბავშვის ჯანმრთელობის და განათლების საკითხების ირგვლივ ინფორმირებულნი, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ის ადაპტირდა, მოერგო ახალ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს. მოგეხსენებათ, რომ სკოლა-პანსიონს გააჩნია მედ-პერსონალი, ასევე სასწავლო სპეციალიზებული პედაგოგთა გუნდი რომელიც 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს ბავშვზე. დედას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შვილთან, ამჯერად გაიყვანა დაწესებულებიდან რამდენიმე დღით სააღდგომო არდადეგებზე.
მანანა გაბრიჭიძე