„თვალებით ეხვეწებოდი ექიმებს, რომ გადაერჩინე და შენს ძმაკაცს უთხარი, მამი, მიშველეო“ გასული წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, მოზარდებს შორის დაპირისპირებას 51-ე სკოლის ორი მოსწავლის დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ფაქტზე მაშინვე დაიწყო გამოძიება, მაგრამ აქამდე ბევრი დეტალი ისევ ბურუსითაა მოცული.
ზაზა სარალიძე, დაღუპული დავით სარალიძის მამა, საზოგადოების დახმარებას ითხოვს. მისი განცხადებით, პროკურატურა ხელს აფარებს ნამდვილი მკვლელის ვინაობას, რადგანაც ის თანამდებობის პირებთან დაახლოებული ოჯახის წევრია და ამბობს, რადგან უბრალო ადამიანი ვარ და არა ელიტის წევრი, ამიტომ გამწირეს უსამართლობისთვისო!
გუშინ, სწორედ სამართლიანობის აღსადგენად და გამოძიების სწორად წარმართვის მოთხოვნით ზაზა სარალიძის ორგანიზებით გაიმართა აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ“. მანამდე კი ზაზამ შვილის ფოტოს შემდეგი პოსტი მიუძღვნა:
„როგორი ტკივილი ხარ, მამიიი. როგორი დიდი ტკივილი. და უფრო მეტი დიდი ტკივილი აქ დამიტოვე, მამი. საჯაროდ მეუბნებიან, მამი, შენი მკვლელების დამფარავები, რომ თურმე შედიან ჩემს მდგომარეობაში. ყოველიდღე ერთი და იგივე ფიქრით იწყება, მამი, ვცდილობ ის ტკივილი ვიგრძნო, რა ტკივილიც შენ განიცადე, მამი, როდესაც სულს ებრძოდი. როდესაც თვალებით ეხვეწებოდი ექიმებს, რომ გადაერჩინე, როდესაც შენს ძმაკაცს უთხარი, მამი, მიშველეო. ვცდილობ ყველა ის ჭრილობა შევიგრძნო, მამი, რომლებიც შენ მოგაყენეს.
რატო, რატო არ იბრძოლე, მამი, რატო დაგვტოვე ასე გაურკვევლად ყველა. როგორ შედიან ჩვენს მდგომარეობაში, როცა პირიქით, წიხლს მაჭერენ და თვალებში ნაცარს მაყრიან, მამი, ვერასდროს ვერავინ მიხვდება, მამი, რა ტკივილს განიცდიდი იმ ღვთისგან დაწყევლილ დღეს. მიყვარხარ, მამი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. დედაშენი ლოცულობს, მამი, მალე რომ გნახოს, მეც მალე გნახავ, მამი, არ იდარდო, ძალიან მალე გნახავ. ჯერ სამართალმა უნდა იზეიმოს, მამი, და მერე გნახავ. მაპატიე, შენს გვერდით რომ არ ვიყავი, მამი“.
გუშინდელ აქციას არ აკლდა მხარდამჭერები, ბევრი სოციალური ქსელით გამოეხმაურა, ბევრიც გვერდით დაუდგა ზაზა სარალიძის მოთხოვნას. აქციაზე მივიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და შვილმკვდარი მამებიც, მათ შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც საგანგებო სპეცოპერაციას შეეწირა.
მიუხედავად მოწოდებებისა და საზოგადოების დიდი ინტერესისა, ბატონი ზაზა ამბობს, რომ ემუქრებიან:
„ყველანაირად ზნედაცემულ პროკურორ გოგუშვილს როდესაც ვუთხარი, რომ თუ სიმართლეს ფარდას არ ავხდით, მოზარდების ომი შეიძლება დაიწყოს-თქო, დამცინავად და ირონიულად მიპასუხა:
"ეს ჩემი პრობლემა არაა. დაიწყოს, თუ ასე გულით უნდათ".
გუშინდელ პროცესზე გუგუშვილი და ფხაკაძე მწყობრიდან გამოვიდნენ, როდესაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც სამხარაულის ექპერტებმა დამალეს პროკურატურის დავალებით.
ეს მტკიცებულებები უტყუარი დასტურია იმის, რომ ჩემი შვილი არა მარტო დანებით, არამედ გაურკვეველი საგნებით იყო დაჩეხილი.
პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ დარბაზში მყოფ პირებზე და მოწმეზე.
პროკურორი ფხაკაძე, რომელთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გაჩნა ჩემი შვილის ტანსაცმელზე სამკუთხა და ოვალური ფორმის ჭრილობები, თურმე თავისი კუთვნილი მობილურით ჩუმად ვიდეოს მიღებდა.
მისივე დავალებით ვიღაცეები მითვალთვალებდნენ და ჩემი და ერთ-ერთი ადვოკატის საუბრის ჩანაწერი მიაწოდეს.
ფხაკაძე კომპრომატებს აგროვებს ჩემ წინააღმდეგ.
მივმართავ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ჩემი დისკრედიტაციით:
გონს მოდით და ყველა ჩემი შვილის მკვლელი გამოიყვანეთ სააშკარაოზე.
მე თქვენ უკვე მომკალით!
ნუ მემუქრებით დაჭერით!
მივმართავ სრულიად საქართველოს:
მე ამათი არ მეშინია!
მე მეშინია შურისძიებით აღსავსე ჩემი შვილის მეგობრების, რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე, ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში.
ჩემი შვილი მოკლულია და მას ვეღარ გავაცოცხლებ.
დამიდექით გვერდით, რათა სამართალი აღვადგინოთ და არ დავუშვად შვილების ომი და მკვლელობა.
თავს შევაკლავ უსისხლო პროკურორებს და არ დავუშვებ დათუჩას გამო ჩვენმა მომავალმა სისხლიანი ომი დაიწყოს.
ღმერთმა დაგლოცოთ“.
იხილეთ თბილისის მერის, კახა კალაძის გამოხმაურება ამ თემაზე
„მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს..."
თეკლა ჟვანია