ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. შემთხვევა 21 იანვარს დილით მოხდა. ბავშვი თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ, თუმცა მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ გოგონას ხსნარი არ გადაუყლაპია.
'' გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით, ბაღებში გაძლიერებულია სადეზინფექციო ღონისძიებები. შაბათ-კვირას დეზინფექცია ჩატარებული იყო, თუმცა ძიძამ დამატებით, დილით ადრე კიდევ სველი წესით დაასუფთავა. სადეზინფექციო სითხე წყალში გახსნილი, რითაც ამუშავებდა, დიდ კონტეინერში უნდა ჩაებრუნებინა, რომელიც იკეტება და დაცულ ადგილას ინახება. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შემოვიდა და წყალი სთხოვა. ძიძა ამბობს, რომ ჭურჭელი ინსტიქტურად დადო და პატარასთვის წყლის დასასხმელად შებრუნდა. შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა. როცა მობრუნდა ბავშვს უკვე პირთან ჰქონდა მიტანილი. დალეული არ აქვს. პირის ღრუს იქეთ აღარაა წასული ღმერთს მადლობა. ისეთი მძაფრი სუნი აქვს და მწარეა, როგორ დალევდა'' - განუცხადა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა აჭარის ტელევიზიას.
მამუკა შამილიშვილის თქმით, საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მოკვლევის შემდეგ გადაწყდება დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ბათუმიდან შეტყობინება არ შესულა.
ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ძიძა უყურადღებოდ მოიქცა. შემთხვევა ბაღის სამზარეულოში მოხდა. ბავშვი აღმზრდელთან წყლის დასალევად შევიდა.
''ვიზიარებ პასუხიმგებლობას, ჩემი ბრალია შესაბამისი ყურადღება ვერ მივაქციე'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ბაღში დასაქმებულმა ძიძამ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები თემაზე მუშაოებენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
წყარო: ajaratv.ge
როგორ არის 4 წლის ბავშვი, რომელმაც ბაღში სადენზიფექციო ხსნარი დალია
ჟვანიას კლინიკის ქირურგი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ, თუ ბავშვი უცხო სხეულს გადაყლაპავს