პრინცი ჰარი მეგან მარკლისადმი ცილისმწამებლური სპეკულაციების მოთმენას აღარ აპირებს. ის მასმედიას მიზანმიმართულ ბულინგში ადანაშაულებს.
"მან შესაძლოა პრინცესა დაიანას ბედი გაიზიაროს" - წერენ კომენტარებში მეგან მარკლის შესახებ. მაშინ, როცა ქეით მიდლტონზე ძირითადად პოზიტიური ინფორმაცია ქვეყნდება, ინტერესდებიან მისი სამოსით, არის თუ არა ორსულად და ა.შ., მეგან მარკლის შემთხვევაში მხოლოდ "სასაცილო კოსტიუმებსა" და წესების დარღვევაზე აკეთებენ აქცენტს.
მსგავსი დამოკიდებულება პრინცმა ჰარიმაც იგრძნო და 1-ელ ოქტომბერს სასექსის ოფიციალურ საიტზე განცხადება ბრიტანული პრესის მისამართით გამოაქვეყნა.
"სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდების ერთ-ერთი მსხვერპლია, რომლებიც დაუნდობლად გეგმავენ ადამიანების წინააღმდეგ კამპანიას, შედეგების გაფიქრების გარეშე. ციფრულ სამყაროში ჭორები ჭეშმარიტებად იქცევა, რაც ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ თავშეკავებას მოითხოვს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერი ტყუილია... ვერ აღგიწერთ, რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის", - წერს პრინცი ჰარი.
35 წლის ჰერცოგმა განაცხადა, რომ ლედი დის ტრაგედია შესაძლოა კიდევ ერთხელ განმეორდეს, ამჯერად მეგან მარკლთან.
"დედა დავკარგე და ახლა ვხედავ, რომ ჩემი ცოლია მსხვერპლი ამ გავლენიანი ძალების. ყველაზე მეტად მეშინია, ისტორია არ განმეორდეს. დავინახე, რა ხდება, როცა ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანზე ისე საუბრობენ, როგორც არარეალურ პიროვნებაზე", - წერს პრინცი ჰარი.
სასექსის ჰერცოგმა დაამატა, რომ "დიდი ხანია საკუთარი ცოლის ტანჯვას" უყურებს და ასე გაგრძელება აღარ შეუძლია. ეს განცხადება პრინცმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანულმა პრესამ მეგან მარკლის მამასთან, ტომას მარკლთან მიწერილი წერილი გამოაქვეყნა, რაც არა მხოლოდ ეთიკის ნორმების, არამედ კანონის დარღვევაც იყო.