ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით... შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე.
ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით... ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა...“ - ასე იხსენებდა წლების წინ ინტერვიუში ლიკას გაცნობას, ლეგენდარული მსახიობის ქმარი, სანდრო თაქთაქიშვილი.
წყვილის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მოგვიანებით ლიკა იხსენებდა, რომ დედამთილ-მამათილთან და ქმრის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც კი მსახიობი ორსულად დარჩა, მისი მეუღლე მოსკოვში წავიდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა და ეს წადი-მოდის პერიოდი 20 წელს გაგრძელდა. მსახიობს მიაჩნდა, რომ შორ მანძილზე ურთიერთობა არ არსებობდა და რეალურად ნამდვილი სიყვარული, მეორედ გათხოვებისას, ლევან შანიძესთან განიცადა.