ეთერ თუთბერიძეს რუსეთში და ასევე მსოფლიო სპორტულ სამყაროში, ალბათ ყველა იცნობს. ჩვენთან - ნაკლებად. ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ოლიმპიური ჩემპიონები ჰყავს გაზრდილი, წარმოშობით ქართველია. 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვშია დაბადებული, მრავალშვილიან ქართულ ოჯახში. მის გარდა ოჯახში კიდევ 4 შვილი იზრდებოდა და ეთერი მეხუთე იყო. სამი ძმა და ერთი და ჰყავს. მამამისი ქარხანაში მუშაობდა, დედა ინჟინერი იყო. მუსიკალური სკოლა დაამთავრა, თუმცა 4 წლიდან მისი მთავარი გატაცება ფიგურული სრიალი გახლდათ.
სამწუხაროდ, სპორტულ წარმატებებს ვერ მიაღწია, როგორც სპორტსმენმა, რადგან ხერხემალზე მიიღო ტრავმა და ყინულზე ცეკვაზე გადაერთო, ასევე ცეკვავდა ბალეტს ყინულზე. 18 წლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, ცნობილ ყინულის შოუში მონაწილეობის მისაღებად.
მერე კი მწვრთნელობა დაიწყო. პროფესიით მწვრთნელი და ბალეტმეისტერ-ქორეოგრაფი გახლავთ.
1994-98 წლებში აშშ-ში მწვრთნელობდა, მერე კი რუსეთში დაბრუნდა და რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრების საუკეთესო წევრები ხშირად მისი აღზრდილები არიან. მის მიერ გაწვრთნილ სპორტსმენებს მოგებული აქვთ ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები.
რაც შეეხება ოჯახს, ეთერს ამერიკელი ქმარი ჰყავდა, რომლისგანაც ეყოლა ქალიშვილი დიანა დევისი. გოგონა ასევე ფიგურულ სრიალს გაჰყვა და წყვილებში ცეკვავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ბავშვობიდან ავარჯიშებს დედა და წარმატებულ მოცეკვავედაც აქცია. გოგონას არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული.
2 წლიდან სენსონერვული სმენის დაქვეითება აქვს. იმის გამო, რომ ძალიან ცუდად ესმის, ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პირობები სჭირდებოდა. თუმცა როგორც თავად ყვება, დედა ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც ჩვეულებრივი საჭიროებების მქონე ბავშვს და არასოდეს არაფერს უთმობდა, იმის მიუხედავადაც, რომ შვილი იყო. ამან ის ბევრად გამოაწრთო და გაცილებით ქმედუნარიანი და მებრძოლი გახადა.
ცოტა ხნის წინ დიანამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა სწორედ იმათთვის, ვინც მას სუსტად მიიჩნევს, სმენის პრობლემების გამო: "უკვე დავიღალე იმის კითხვით, თუ როგორ მიმიჩნევენ ავადმყოფად და სმენდაქვეითებულად, რომ არ მაქვს მომავალი ამ დაავადების გამო და ა.შ. ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვსწავლობ ჩვეულებრივ სკოლაში და ვლაპარაკობ ადამიანებთან".
ეთერ თუთბერიძე ქალიშვილთან ერთად