ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეძრა საზოგადოება. წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია გორგოძეების ოჯახის ხუთი წევრი - ახალგაზრდა ორსული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მათთან ერთად დაღუპულია კიდევ ერთი ქალი, რომელიც ოჯახის ახლობელი იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი, რომელიც ხის იყო და ძალიან სწრაფად მოეკიდა ცეცხლი. ადგილობრივების ინფორმაციითვე, სახლში არ იყო შუქი და გაზი. სავარაუდოდ, ბუხარი ენთო და ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარიც ბუხრიდან გაჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მამა და ბებია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიიდან დაბრუნებული ბებია ხანძარს შეესწრო, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, ვერცერთის გამოყვანა ვერ შეძლო ხანძრიდან.
მეზობლების თქმით, ბავშვების მამამ ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, დაბრუნებულს კი ეს შემზარავი ტრაგედია დახვდა.
გორგოძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ რამდენიმე თვის წინ წერდა ჩერნოვეცკის ფონდი. პატარები მოკლებულნი იყვნენ ნორმალურ საჭმელს და წამლებს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. ისინი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. გთავაზობთ ამონარიდს ნარგიზა გორგოძე-გველესიანის ინტერვიუდან, რომელიც ჩერნოვეცკის ფონდს რამდენიმე თვის წინ მისცა:
"მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვაჩნია არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ. თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში.
- რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?
ნარგიზა: სოციალური შემწეობის თანხა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევ, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის.
-თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? ხომ არ მიგიმართავთ მისთვის დახმარების თხოვნით?
ნარგიზა: არა, არ მიგვიმართავს. თქვენ მოგმართავთ ახლა, რომ გაგვიწიოთ შუამდგომლობა დეპუტატთან, რომ მოგვაქციოს მან ყურადღება.
- არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ნარგიზა: მე ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ბავშვის ჩანასახში მოკვლა. ბავშვები - ეს ქვეყნის მომავალია! მე მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილებს არ მიატოვებს და მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები!
- რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად?
ნარგიზა: არ გვაქვს ტელევიზორი, მაცივარი, გამათბობელი, სარეცხი მანქანა...
- ბავშვებო თქვენ რაზე ოცნებობთ?
გენადი (7 წლის): ბოტასებზე ვოცნებობ.
- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
გენადი: პოლიციელი.
ტარიელი (6 წლის): მეც პოლიციელი მინდა, რომ გამოვიდე.
თიკო (3 წლის): მე ვოცნებობ თოჯინაზე..."